TI და „საქართველოს ევროპული ორბიტა“: ვგმობთ "ოცნების" მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის არაეთიკური საარჩევნო რეკლამების გამოყენებას
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" და „საქართველოს ევროპული ორბიტა“ "ოცნების" მხრიდან არაეთიკური საარჩევნო რეკლამების გამოყენებას გმობენ და სოლიდარობას უცხადებენ "ტვ პირველს", "მთავარ არხს" და "ფორმულას", რომლებმაც აღნიშნული ვიდეორგოლის ეთერში გაშვებაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ტელევიზიები დააჯარიმეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით მანიპულირებისგან, ასევე ღირსებისშემლახავი, არეთიკური შინააარსის რეკლამის გამოყენებისგან.
სოლიდარობას ვუცხადებთ მაუწყებლებს, რომლებიც მოსალოდნელი სოლიდური ფინანსური ჯარიმების მიუხედავად, ეთერში არ უშვებენ დისკრიმინაციულ ვიდეორგოლებს და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით მანიპულირებისგან.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“ უკიდურესად კრიტიკულად აფასებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლებისთვის იმ საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვების დავალდებულებას, რომელშიც უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით, იმავე შინაარსის საარჩევნო ბანერების განთავსება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც მძაფრად გააკრიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კამპანია კიდევ უფრო გაააქტიურა და მაუწყებლებს ვიდეორგოლის ეთერში განთავსება მოსთხოვა. კრიტიკული ტელევიზიები - „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ - უარს ამბობენ მის გაშვებაზე, პროსამთავრობო ტელევიზიებმა - „იმედმა“, „პოსტვ-მ“ და „რუსთავი 2-მა“ - ის ეთერში უკვე გაუშვეს. ვიდეორგოლი გაუშვა, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტია თავის საარჩევნო კამპანიაში უკიდურესად მიუღებელ ხრიკებს მიმართავს და კონკრეტული ჯგუფების მიმართ ძალადობას აღვივებს. სექტემბრის თვეში, მმართველმა პარტიამ მაუწყებლებს ასევე მოსთხოვა საარჩევნო რეკლამის განთავსება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები, უკიდურესად არაეთიკურ და არაკეთილსინდისიერ კონტექსტში არიან წარმოჩენილნი. რეკლამის ეთერში გაშვებაზე უარისთვის, კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული მაუწყებლები უსამართლოდ დააჯარმა.
სოლიდარობას ვუცხადებთ მაუწყებლებს, რომლებიც მოსალოდნელი სოლიდური ფინანსური ჯარიმების მიუხედავად, ეთერში არ უშვებენ დისკრიმინაციულ ვიდეორგოლებს და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით მანიპულირებისგან, ასევე ღირსებისშემლახავი, არეთიკური შინააარსის რეკლამის გამოყენებისგან. აგრეთვე, მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას, გაითვალისწინოს კონტექსტის სიმძაფრე და საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს მაუწყებლების ფუნქციონირება, მეორე მხრივ კი, ხელი არ შეუწყოს და არ გახდეს მმართველი გუნდის პროპაგანდის ინსტრუმენტი", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.