რად გვინდა მთავრობა თუ არ დაგვიცვა? - შუქრუთელების პროტესტის გრძელდება

07.10.24 12:20
რად გვინდა მთავრობა თუ არ დაგვიცვა? - შუქრუთელების პროტესტის გრძელდება

პროტესტის მე-8 თვე და შიმშილობის 37-ე  დღე - პარლამენტთან შუქრუთელების პროტესტი არ წყდება. ჭიათურის მოსახლეობის ხმა კი ხელისუფლებას ამ დრომდე არ ესმის. ამ დრომდე მთავრობის არცერთი წარმომადგენელი მათთან სასაუბროდ არ გამოსულა. 

პროტესტის მონაწილეებმა წერილით მთავრობის ადმინისატრაციასაც მიმართეს და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ეშედეგოდ. ამ მოთხოვნით ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან დღესაც მივიდნენ და შეეცადნენ, საკუთარი ხმა პერმიერ-მინისტრისთვის მიეწვდინათ. 

შუქრუთელები ხელისუფლებას სთხოვენ, "ჯორჯიან მანგანეზთან" არსებული კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმაროს. ისინი ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" მადნის მოპოვების სამუშაოებით მათ საცხოვრებელ სახლებს აზიანებს, ნიადაგი კი უნაყოფო გახდა. მოქალაქეები მადნის მომპოვებელი კომპანიისგან კომპენსაციებს ითხოვენ.

37 დღეა რაც ვშიმშილობთ. არანაირი შედეგი არ ყოფილა, არაფერი, გარდა ცილისწამებისა, რომ ვიღაცეებს რაღაც აღებული აქვთ, მთელი სოფელი დავაკმაყოფილეთ. ისეთი ადამიანები შეიყვანეს სიაში, რომ კოროხნალში რომ არ ყოფილან, არც მაღაროში ყოფილან. გამოვიდეს მთავრობა, ჩვენ ვერ ვერევით კომპანიას. მთავრობა იძახის, რომ კომპანიამ  და მოსახლეობამ მოაგვაროს ერთმანეთშიო. აბა, რადა მინდა მთავრობა, თუი არ დამიცვა? კარავი არ დაგვადგმევინეს და კობახიძესთან შეხვედრაზე უკვე ზედმეტია საუბარი, - ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე. 

შუქრუთელები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.