აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ციხის კლინიკაში გადაიყვანეს - მიქელაძე
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
მესამე სექტორის წარმომადგენლის ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო, ალიევის რეჟიმს გამოქცეული ჟურნალისტი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი. არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრული ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ. ამ საქმეზე უფრო დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით საზოგადოებას და მედიას", - წერს მიქელაძე.
შეგახსნებეთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.