რეკეტი ივანიშვილის ძმის სახელით - რეპრესიებზე კიდევ ერთი ბიზნესმენი ალაპარაკდა
ელმავალმშენებელი ქარხნის ყოფილი მფლობელი ბიზნეს რეკეტზე საუბრობს - ირაკლი ჭითანავა ამტკიცებს, რომ წილები ბიზნესში "ქართული ოცნების" დეპუტატის სასარგებლოდ და რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების გვერდის ავლის მოტივით დაათმობინეს.
ჭითანავას მონაყოლის თანახმად, სქემაში საგამოძიებო უწყებებიც ჩაერთნენ, საგამოძიებო ორგანოებში "საქმის დალაგებას" კი ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მიგზავნილი ხალხი, დიდი ფულის სანაცვლოდ სთავაზობდა. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ აქვს აუდიოჩანაწერებიც, სადაც ისმის, რომ ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ხალხი მიუგზავნეს და საქმის დასალაგებლად პროკურატურისთვის რამდენიმე მლნ-ის გადახდას აიძულებდნენ.
ჭითანავა ამტკიცებს, რომ იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო, რადგან დაკავებით ემუქრებოდნენ.
მოგონილი ბრალდებით აპირებდნენ ჩემს დაკავებას. სატელეფონო ზარები იყო. მე რაც საზღვარგარეთ ვარ, აქაც შეეცადნენ რომ მომწვდომოდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქვეყანა დავტოვე იმის გამო, რომ უწყვეტად მიმდინარეობს ქმედებები ჩემს წინააღმდეგ. ელმავალმშენებელი ქარხნის დირექტორზე მოხდა ზეწოლა, ასევე სხვა დირექტორების და სხვა თანამშრომლების მიმართ. ეს ზეწოლა გრძელდებოდა, დაახლოებით, 3 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ელმავალმშენებელი ქარხნის წართმევის პროცედურა შეთანხმებულია ივანიშვილთან და ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა ამ ქარხნის გადაცემა „ოცნების“ დეპუტატ ელგუჯა გოცირიძისთვის. ჩვენი ქარხანა ახლა არის გაფორმებული ჩაჩავას კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრზე. რიგით თანამშრომელს ამ ქარხნის წილის შეძენის თანხა რომ არ ექნებოდა, ესეც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ასევე მის შვილს, რომელიც არის 25 წლის არ ექნებოდა.
სხვადასხვა პირები მოვიდნენ ჩვენთან, ასევე ალექსანდრე ივანიშვილთან დაკავშირებული პირები, რომლებმაც აღგვითქვეს დახმარების სურვილი. შემდეგ იყო ჩარევები ამ საკითხებში, ითხოვდნენ სხვადასხვა წილებს ამ სიტუაციის დასალაგებლად, მაგრამ ჩვენ დალაგებებში არავის მივყვებით. ჩვენ ვიცავთ ელმავალმშენს, - ამბობს ჭითანავა.
ბიზნესმენს ეჭვობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, სანქცირებულ რუს ოლიგარქებს სანქციების გვერდი არიდებაში დაეხმაროს და ელმავალმშენებელი ქარხნა სწორედ ამიტომ სჭირდება:
25 ჰექტარი ტერიტორია წაიღეს, უზარმაზარი ცეხები წაიღეს, დაზგა-დანადგარები, ადმინისტრაციული შენობები, სასტუმროს შენობა, რკინიგზის ლიანდაგი, საქართველოს ჯერჯერობით არ აქვს ბელორუსის ტიპის სტატუსი სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ აქედან გამომდინარე, ეცდებიან, რომ ელმავალმშენებლის პროდუქციის სახელით შეიტანონ რუსეთში, მაგრამ ესეც არ გამოვა. ჩვენ ამას ყურადღებას ვაქცევთ, ვუყურებთ, როგორც კი რაღაც მოძრაობა მოხდება და საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობა იქნება, ჩვენს პარტნიორებს დაუყოვნებლივ მივაწოდებთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით და ამ ღონისძიებას ჩავშლით.
მექანიზმი არის მარტივი: ამათმა რომ გადასცენ ჩვენი ტერიტორია, აქ ჩამოაყალიბონ ახალი წარმოება, შემოიტანონ საზღვარგარეთიდან თუნდაც რაღაც ნაწილები, დააწერონ, რომ წარმოებულია თბილისში ამა და ამ ქარხანაში, ასე უკვე შეუძლიათ, გაიტანონ, - ამბობს ბიზნესმენი.
ირაკლი ჭითანავამდე ივანიშვილი ბიზნესის რეკეტში მისმა ყოფილმა მხარდამჭერმა ამხილა. გიორგი ჩიკვაიძემ გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.
ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.