ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა
ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა.
ბათუმელების ინფორმაციით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში, მასწავლებელმა ბავშვზე, სხვა ბავშვების თანდასწრებით, არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა.
ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს. ის პერიოდულად მასწავლებელსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და ერთ მომენტში ფეხსაც ურტყამს. ინფორმირებული პირის თქმით, ეს ქალი მასწავლებლის მეუღლეა, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არ მუშაობს და “ის მეუღლეს [ცეკვის მასწავლებელს] ეხმარებოდა“, - წერს გამოცემა.
მომხდარს ადასტურებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორ, თამარ მესხიძედა ამბობს, რომ დაუყოვნებლივ მიიღო მასწავლებლის გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა მერაბ დოლიძე მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
გამოცემის ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ.
კომენტარს არ აკეთებს მედიასთან თავად მასწავლებელი და ამბობს, რომ “ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის და ამ თემაზე საუბარი არ სურს.“