20 ოქტომბერს ევროპული მარში ბათუმშიც გაიმართება

09.10.24 19:03
20 ოქტომბერს ევროპული მარში  ბათუმშიც გაიმართება

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „კიდევ ერთხელ გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამ სლოგანით გაიმართება საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მარში ბათუმში 20 ოქტომბერს - ამის შესახებ ინფორმაციას  გამოცემა ''ბათუმელები'' ავრცელებს. 

მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „პერსპექტივაა“.

„სურვილი გვაქვს, რომ დედაქალაქის მარშს შევუერთდეთ, რომელიც ასევე 20 ოქტომბერს გაიმართება თბილისში.

რადგან ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა წავიდეთ თბილისში, აქ, ჩვენ მშობლიურ ქალაქში, ახალგაზრდები კიდევ ერთხელ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამბობს ლინდა ცინცაძე, ახალგაზრდული მოძრაობის წევრი.
მისი თქმით, მოძრაობის წევრები სოციალური მედიის საშუალებით, ასევე პირისპირ შეხვედრისას მოუწოდებენ ადამიანებს, რომ შეუერთდნენ ევროპულ მარშს.

„ასევე, წინასაარჩევნოდ, დავდივართ ქალაქში კარდაკარის პრინციპით, ვხვდებით საზოგადოებას, ახალგაზრდებს და ვაწვდით ინფორმაციას ევროპული მარშის შესახებ“ – ამბობს ლინდა.

ევროპული მარში ბათუმში 18:00 საათზე დაიწყება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, 19:00 საათზე კი მარში გადაინაცვლებს ევროპის მოედანზე.

მსგავსი სიახლეები