ვეწინააღმდეგები "ოცნების" ფაშისტურ წყობილებას- პირველი ინტერვიუ "მეტროს" ყოფილ თანამშრომელთან

10.10.24 17:20
ვეწინააღმდეგები "ოცნების" ფაშისტურ წყობილებას- პირველი ინტერვიუ "მეტროს" ყოფილ თანამშრომელთან

 

 

პირველი ინტერვიუ კომპანია "მეტროს" ყოფილ თანამშრომელთან - გიგი სარჯველაძე სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსების ფაქტს TV პირველთან ეხმაურება და ცხადებს, რომ JWT METRO-ს არცერთ თანამშრომელს არც კლიპის და არც მისი ვიზუალის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია.

მეტიც, როგორც "მეტროს" ყოფილი თანამშრომელი ამბობს, კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის მმართველი პარტიის რგოლის ნახვამ გაკვირვება გამოიწვია, რადგან გიგი სარჯველაძის განმარტებით, ყოფილი თანამშრომლები "ამჟამინდელი მთავრობის ფაშისტურ წყობილებას ეწინააღმდეგებიან".

პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ არცერთმა თანამშრომელმა ამის შესახებ არ იცოდა, არცერთ თანამშრომელს ამ კლიპზე, ვიზუალზე არ უმუშავია. შესაბამისად ყველასთვის შოკის მომენტი იყო, რადგან კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით იმ ფაშისტურ წყობილებას, რასაც ამჟამინდელი მთავრობა ახორციელებს. ძალიან შოკისმომგვრელი იყო. დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს გაოგნებულები ვუყურებდით. ჯერ თითი ჩვენზე იყო გამოშვერილი და შემდეგ, რაც ჩვენმა დირექტორმა განაცხადა, სრული შოკი იყო ჩვენთვის.

ჩემი პირადი მოტივაცია ის არის, რომ თუნდაც კომპანიაში, თუ კომპანიის მიღმა, ჩემი ყველა ახლობელი არის ძალიან წნეხის ქვეშ ამჟამინდელი მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკით. იქნებიან ჩემი მუსიკოსი მეგობრები, ჩემი უბრალოდ ახლო მეგობრები, ყველა ძალიან განვიცდით იმ მდგომარეობას, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული არ იყოს, რადგან არასდროს არ მინდა იმ ადამიანთან, იმ კომპანიასთან, თუ იმ კომპანიის ეშელონთან თანამშრომლობა, რომელიც მსგავს ფაშისტურ წყობილებას რაიმე სახით, კოოპერაციული სახით თანამშრომლობას უწევს", - ამბობს "მეტროს" ყოფილი თანამშრომელი, გიგი სარჯველაძე.

სარეკლამო კომპანია JWT METRO-ს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ - მიზეზი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპი გახდა.

ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორს, ნიკა ბოჭორიშვილს გადაწყვეტილება "მეტროს" თანამშრომლებისთვის არ შეუთანხმებია. მეტიც, "მეტროს" ყოფილი თანამშრომლების ცნობით, კოპმანიამ JWT METRO-ში დასაქმებულების ძველი ნამუშევრები შეკრიბა, დაამონტაჟა და "ქართული ოცნების" ვიდეორგოლი სწორედ ამ გზით ააწყო. 

კლიპის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, JWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა, სანდრო ჯავახიშვილმაც დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სააგენტოს თანამშრომლები ივანიშვილის ხელისუფლების სარეკლამო რგოლის გადაღებასა და დაგეგმვაში არ მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები