დრამატულია, "ოკმელა"გისოსებს მიღმაა და კომპანიის მთავარი სახე შრომას მათთვის დებს, ვინც გიორგი ჩასვა - "მეტროს" ყოფილი თანამშრომელი

10.10.24 21:30
დრამატულია, "ოკმელა"გისოსებს მიღმაა და კომპანიის მთავარი სახე შრომას მათთვის დებს, ვინც გიორგი ჩასვა - "მეტროს" ყოფილი თანამშრომელი

ძალიან დრამატულია, როცა ოკმელა გისოსებს მიღმაა და ჩვენი კომპანიის მთავარი სახე, იმ ადამიანების წარმატებისკენ დებს შრომას, ვინც გიორგი ჩასვა- ამის შესახებ  "მეტროს" ყოფილმა თანამშრომელმა, გიგი სარჯველაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მან გიორგი ოკმელაშვილს განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოუხადა.

წელს პირველი ახალი წელი იქნებოდა, როცა ოკმელა არ მოვიდოდა ჩვენთან და ჩვენთან ერთად არ აღნიშნავდა. პირველ რიგში, ბოდიში გიორგის იმის გამო, როგორც ეს მოვლენები განვითარდა. ძალიან დრამატულია, როცა ჩვენი თანამოძმე გისოსებს მიღმაა და ჩვენი კომპანიის მთავარი სახე, იმ ადამიანების წარმატებისკენ დებს შრომას, ვინც გიორგი ჩასვა, განაცხადა სარჯველაძემ. 

სარჯველაძის თქმით, კომპანიაში დარჩენა ღირსების საკითხი იყო და “არცერთ თანამშრომელს არ უნდოდა, საკუთარი უნარ-ჩვევებით სიკეთე გაეკეთებინა იმ მთავრობისთვის, რომელიც თითოეული ადამიანის განადგურებას ეწევა. “

ძალიან რთულია ამ განხრით დღეს იმუშავო, ძალიან ცოტას უმართლებს, ვინც ამ პოზიციაზე ხვდება, ამით ხაზი მინდა გავუსვა რამდენად წონიანი იყო აქ მუშობა თითოეული თანამშრომლისთვის, თუმცა სასწორზე აღარ იდო სამსახური, აქ იყო ღირსების საკითხი. არცერთ თანამშრომელს არ გვინდოდა, ჩვენი უნარ-ჩვევებით სიკეთე გაგვეკეთებინა იმ მთავრობისთვის, რომელიც თითოეული ადამიანის განადგურებას ეწევა დღეს“, - დასძინა მან. 

მისივე თქმით, ჯერჯერობით, კომპანიის დირექტორთან პირადი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

სარეკლამო კომპანია JWT METRO-ს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად დატოვეს - მიზეზი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპი გახდა.

ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორს, ნიკა ბოჭორიშვილს გადაწყვეტილება "მეტროს" თანამშრომლებისთვის არ შეუთანხმებია. მეტიც, "მეტროს" ყოფილი თანამშრომლების ცნობით, კოპმანიამ JWT METRO-ში დასაქმებულების ძველი ნამუშევრები შეკრიბა, დაამონტაჟა და "ქართული ოცნების" ვიდეორგოლი სწორედ ამ გზით ააწყო. 

კლიპის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, JWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა, სანდრო ჯავახიშვილმაც დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სააგენტოს თანამშრომლები ივანიშვილის ხელისუფლების სარეკლამო რგოლის გადაღებასა და დაგეგმვაში არ მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები