შშმ ბავშვისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 12 000 ლარის გადახდა დაეკისრა - PHR
10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო დაწესებულებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ღ–სთვის სერვისის მიწოდებაზე უარის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურება, 12 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს და წერს, რომ ლ.ღ-ს პერსონალური ასისტენტის მომსახურება სჭირდებოდა, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარის გამო, მას თვეების გატარება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უწევდა, სადაც ის ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ლ.ღ. არ საჭიროებდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობას. მისი ფსიქიატრიულში მოთავსება გამოწვეული იყო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მის საჭიროებაზე მორგებული სერვისი. სახელმწიფო ორგანოების მიმართ ლ.ღ-ს არაერთი მოთხოვნა პერსონალური ასისტენტის სერვისის შექმნის თაობაზე უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბინაზე მოვლის ქვე-პროგრამაში პერსონალური ასისტენტის პროგრამის შექმნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 28 სექტემბერს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ დაავალა აღნიშნული პროგრამის შექმნა და ლ.ღ-ს საჭიროებების დაკმაყოფილება. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებული გახდა ლ.ღ–სთვის დღე-ღამეში 12 საათის განმავლობაში გაეწია ასისტენტების მომსახურება.
დღეს კი, ოთხწლიანი განხილვების შემდეგ, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის ძირითადი მოთხოვნა და სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის არ არსებობა და შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარი, შეაფასა როგორც სახელმწიფოს უმოქმედობა, რამაც გამოიწვია ლ.ღ-ს უფლებების დარღვევა წლების განმავლობაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უმოქმედობის გამო დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ლარის ოდენობით“, – წერს ორგანიზაცია.
მათივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სხვა მსგავს შემთხვევებში აღარ ექნება საშუალება ფინანსების არარსებობით გაამართლოს ბავშვებისთვის ისეთი სერვისების შექმნაზე უარი, რაც შედეგად ბავშვების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას