“ოცნების“ ვიდეორგოლი, სავარაუდოდ, რუს ოპერატორს გადააღებინეს - რა ჩანს ფოტოებში
“ქართული ოცნების“ კლიპის სკანდალი - მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ვიდეო რგოლი სავარაუდოდ, რუსი ტელე-ოპერატორის მიერაა გადაღებული.
“პირველებმა“ მოიპოვა ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან, სადაც ჩანს, რომ კლიპზე მუშაობს მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, საგანგებო მისიით, მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. მას სოციალურ ქსელში მითითებული აქვს, რომ ის თანამშრომლობს მოსკოვში არსებულ და დაფუძნებულ სარეკლამო კომპანიებთან.
სარეკლამო კომპანია "მეტროს" ხელმძღვანელი, ნიკა ბოჭორიშვილი ამ დრომდე დუმს და “პირველების“ კითხვებს არ პასუხობს.
კომპანის ერთ-ერთი თანამშრომელი, ეკა ყიფიანი კი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ არიან გადამღები ჯგუფის წევრები, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს სინამდვილე იყოს, რადგან “არცერთი ქართველი ოპერატორი ამ პროექტს ხელს არ მოკიდებდა.“
არ ვიცით, ვინ არის ამ გადამღებ ჯგუფში, ჩვენვე ძალიან გვაინტერესებს. როდესაც ვამბობთ ფრილანსერს, გადამღები ჯგუფი ზოგჯერ არ არიან სადმე დასაქმებულნი, რაც შეეხება ოპერატორს- ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. საქართველოში არსებობს ოპერატორთა გილდია და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის არცერთი ამ პროექტს ხელს არ მოკიდებდა, შესაბამისად, დაშვებას ვაკეთებ, რომ საჭირო გამხდარიყო ქვეყნის გარედან ვინმეს მოწვევა, თუმცა მოსკოვიდან ჩამოყვანილ ოპერატორს ვერ წარმოვიდგენდი“, - უთხრა “პირველებს“ ყიფიანმა.
კომპანია “მეტროში“ თანამშრომლების დემარშების სერია, მას შემდეგ დაიწყო, რაც გაარკვიეს, რომ “ქართული ოცნების“ საიმიჯო კლიპი, მათ ზურგსუკან, ჩუმად იყო გადაღებული.
ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორს, ნიკა ბოჭორიშვილს გადაწყვეტილება "მეტროს" თანამშრომლებისთვის არ შეუთანხმებია. მეტიც, "მეტროს" ყოფილი თანამშრომლების ცნობით, კოპმანიამ JWT METRO-ში დასაქმებულების ძველი ნამუშევრები შეკრიბა, დაამონტაჟა და "ქართული ოცნების" ვიდეორგოლი სწორედ ამ გზით ააწყო.
კლიპის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, JWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა, სანდრო ჯავახიშვილმაც დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სააგენტოს თანამშრომლები ივანიშვილის ხელისუფლების სარეკლამო რგოლის გადაღებასა და დაგეგმვაში არ მონაწილეობდნენ.