პედაგოგმა, სავარაუდოდ, აღსაზრდელს სცემა - ინციდენტი 126-ე ბაგა-ბაღში მოხდა

11.10.24 18:18
პედაგოგმა, სავარაუდოდ, აღსაზრდელს სცემა - ინციდენტი 126-ე ბაგა-ბაღში მოხდა

126-ე ბაღის პედაგოგმა, სავარაუდოდ, აღსაზრდელს სცემა - ფაქტი ორი დღის წინ მოხდა, თუმცა 3 წლის ბავშვის მშობლისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილი დღეს, 11 ოქტომბერს გახდა. 

სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდის დედის ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ მას შემდეგ გაიგო, როდესაც ბაგა-ბაღში ოთხ აღმზრდელს შორის საუბარს ყური მოკრა. როგორც მშობელი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, ერთ-ერთი პედაგოგი დანარჩენ აღმზრდელებს უყვებოდა, თუ როგორ გაუსწორდა სამი წლის ბავშვს ფიზიკურად.

ამასთან, საყურადღებოა, რომ მოზარდზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი ვიდეოკამერებს აქვს დაფიქსირებული, სადაც სამი წლის ბავშვის მშობლის ინფორმაციით, გარკვევით ჩანს, თუ როგორ ურტყამს პედაგოგი არასრულწლოვანს სახეში. 

მოვუსმინე, როგორ ამაყად ყვებოდა, თუ როგორ სცემდა ბავშვს. რამდენჯერაც ბავშვმა ხელი დაარტყა, იმდენჯერ დაარტყა მანაც. უყვიროდა, ეჩხუბებოდა. ბავშვს უჭირავს რაღაც სათამაშო, ჩემი შვილი იწევს, რომ სათამაშო გამოართვას. ეს მასწავლებელი თავიდან ხელით სწევს, მერე ურტყამს, რომ გაიწიეო. ჩემი შვილი დგება ისევ თავიდან, მოდის და რახან მასწავლებელმა დაარტყა, ამასაც უნდა, რომ დაარტყას. კიდევ ურტყამს. ეს განმეორდა ბევრჯერ. ორჯერ-სამჯერ ისეთი ურტყა, რომ ბავშვი დაეცა ძირს. სახეშიც ურტყამს. საუბარია 3 წლის ბავშვზე, რომელზეც გაფრთხილებული მყავდა, რომ ბავშვს ჰქონდა პრობლემა მეტყველების და ქცევის", - ამბობს გვანცა ბლიაძე.

ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა ბაღების გაერთიანების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მომხდარი შემთხვევის გამო, ერთი აღმზრდელი, რომელმაც სამი წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა, სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.

ამასთან, "პირველებს" ჰქონდათ შესაძლებლობა, 126 ბაგა-ბაღის დირექტორს გასაუბრებოდა. როგორც ბაღის დირექტორი ამტკიცებს, მომხდარი დადასტურებული არ არის და პედაგოგი პირადი განცხადების საფუძველზე მოხსნეს. 

არ არის დადასტურებული. ბაგა-ბაღის აღმზრდელი გათავისუფლებულია პირადი განცხადების საფუძველზე", - ამბობს დირექტორი.

მსგავსი სიახლეები