მოძრაობა "მრავალფეროვანმა საქართველომ" POSTV-ის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა
სამოქალაქო მოძრაობა "მრავალფეროვანმა საქართველომ" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა - მიზეზი POSTV-ის ჟურნალისტის მიერ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა გახდა.
ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტმა ეთნიკური ნიშნით რესპონდენტის დისკრიმინაცია მოახდინა და ქარტიის მე-7 პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე.
ის ეფუძნება საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ (მოცემულ შემთხვევაში არმენოფობიულ) დამოკიდებულებას, რომელსაც არჩევნებში მონაწილე მხარეები, მათ შორის მათთან აფილირებული მედია საშუალებების მეშვეობით, ხშირად წინასაარჩევნო მანიპულაციისა და პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით მიმართავენ. კერძოდ, ორგანიზაციის მოსაზრებით, ჟურნალისტი ეთნიკური ნიშნით ახდენს რესპონდენტის დისკრიმინაციას, როდესაც შეკითხვების დასმისას შედეგ ფორმულირებებს იყენებს: „რატომ მალავთ თქვენს წარმომავლობას“, „ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამის აღიარება“, „ფაქტები მაქვს და გაჩვენებთ აუცილებლად“ და ა.შ.
შესაბამისად, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი, რომლის თანახმადაც „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. ორგანიზაციამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აღნიშნული საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოხდენის თხოვნით მიმართა", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, საუბარია POSTV-ის ვიდეოზე, რომელშიც არხის ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, რატომ მალავს "სომხურ წარმომავლობას".