ლაშა ბექაურთან ერთად ზვიადაურს თავდებში ზაქარია ქუცნაშვილიც უდგება

17.08.21 22:23
ლაშა ბექაურთან ერთად ზვიადაურს თავდებში ზაქარია ქუცნაშვილიც უდგება

თელავის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე თამარ კაპანაძე  ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

პროკურატურა პატიმრობას ითხოვს და მიზეზად მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობას ასახელებს. 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, დაკავებულის ადვოკატები 50 000 ლარიან გირაოს და თავდებობით გამოშვების შუამდგომლობას აყენებს. 

დაკავებულს თავდებში სპორტსმენები -  ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკაშვილი უდგებიან. ადვოკატის თქმით, თავდებობის სურვილი აქვს ჩემპიონ ლაშა ტალახაძესაც, თუმცა მოსამართლის თქმით, რადგან ტალახაძე სასამართლოში არ გამოცხადდა, ის თავდები ვერ იქნება. 

თავდებობის სურვილი გამოთქვა ასევე ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმაც. 

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის მზად არის, ზვიადაურის ქცევა გააკონტროლოს. 

მსოფლიო ჩემპიონის თქმით, დაკავებული მისი ნათლიაა და 21 წელია, იცნობს. 

ბექაურს მოსამართლემ მსოფლიო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველმა სპორტსმენებმა სამსობლო ძალიან ასახელეს.