სკოლაში, რომელიც განათლების მინისტრმა საზეიმოდ გახსნა, ისევ რემონტი მიმდინარეობს
სკოლაში, რომელიც განათლების ახალმა მინისტრმა საზეიმოდ გახსნა, ისევ რემონტი მიმდინარეობს - "პირველების" კამერამ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ სკოლის დერეფნებში სამშენებლო მასალებია მოფანტული, კედლების ნაწილი გასალესი, ელექტრო გაყვანილობა კი მოსაწესრიგებელია.
ალექსანდრე წულაძის უწყება უკვე რამდენიმე დღეა ირწმუნება, რომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუში საჯარო სკოლის რემონტი დასრულდა.
ამ ფაქტის აღსანიშნავად მინისტრი "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად ოზურგეთშიც ჩავიდა და შენობაც დაათვალიერა, სამინისტრომ კი ვიზიტის ამსახველი ფოტო და ტექსტუალური მასალა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
თუმცა, როგორც "პირველებმა" გაარკვია, საგანგებოდ მინისტრის ვიზიტისთვის სკოლის მხოლოდ ერთი საკლასო ოთახი მოაწესრიგეს და რეალურად მთელ სკოლაში კვლავ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ დვაბზუში "პირველების" კამერის გამოჩენის შემდეგ, ადგილზე ფრაქცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გამოჩნდა, რომელმა "ტვ პირველის" კორესპონდენტთან საუბრის დროს განაცხადა, რომ პროექტი ჯერ არ დასრულებულა და მინისტრმა მხოლოდ სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
ასეთი მასშტაბის პროექტი ხორციელდება, რომელიც თქვენ გწყინთ. მიმდინარე პროექტია და ჯერ არ დასრულებულა. მინისტრმა მოინახულა სამშენებლო სამუშაოები", - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ფაქტს ადამიანებზე ზემოქმედების ერთ-ერთ საშუალებად აფასებენ და ამბობენ, რომ დაუსრულებელი სამშენებლო სამუშაოების მიუხედავად, "ქართული ოცნების" მიერ სკოლის გახსნა საზოგადოებისთვის "თვალებში ნაცრის შეყრაა".
"ოცნების" განათლების ახლადგამოჩეკილმა მინისტრმა და ბატონმა ჩიგოგიძემ დიდი ზარზეიმით გახსნეს სკოლა, რომელიც რეალურად არის დაუსრულებელი. გახსნეს სპეციალურად წინასაარჩევნოდ. გათვლა იყო ის, რომ გავლენა მოეხდინა მოსახლეობაზე, მაგრამ ვნახეთ, რომ სკოლა არის დაუსრულებელი, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და იქ მოაგზავნეს თავისი მოურავები იმისთვის, რომ ადამიანებს თვალებში ნაცარი შეაყარონ. ეს არის პირდაპირ ადამიანებზე ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალება წინასაარჩევნოდ და გამოყენებული სახელმწიფო ბიუჯეტის ფული", - ამბობს თათია ნიკოლაიშვილი.