იერიში თავისუფალ მედიაზე - სასამართლომ "ტვ პირველი" 10 ათასი ლარით დააჯარიმა

12.10.24 17:07
იერიში თავისუფალ მედიაზე - სასამართლომ "ტვ პირველი" 10 ათასი ლარით დააჯარიმა

იერიში თავისუფალ მედიაზე - თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "პირველი" 10 ათასი ლარით დააჯარიმა. 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის სარჩელი არხის  წინააღმდეგ  ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ალექსანდრე ჭიკაიძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას (100 ათას ლარს) ითხოვდა.

არხის იურისტი საქმის აბსურდულობაზე საუბრობს - თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, „TV პირველი“ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. 

მაშინ, როდესაც პირდაპირ მიუთითებ, რომ ჟურნალისტი არ არის მოპასუხე და ჟურნალისტს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს და ამის მიუხედვად, მაინც ეს მანკიერი პრაქტიკა გრძელდება და მაინც ჟურნალისტს ეკისრება პასუხისმგებლობა, ამას ვთვლი, რომ იურისტის შეფასება აღარ სჭირდება. საზოგადოება ხვდება, რატომ ხდება ასე და რა არის რეალურად სარჩელის მოტივი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ზედა ინსტანციაში და თუ საჭირო იქნება, ეს იქნება კიდევ ერთი საქმე, რომელიც სხვა საქმეების მსგავსად გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში იმისთვის, რომ დადგინდეს რეალურად სიმართლე და დადგინდეს ის, რომ ზეწოლა არის, როგორც სასამართლოს მხრიდან, ასევე კონკრეტული მოსარჩელეების მხრიდან ტელეკომპანია "პირველზე" და ჟურნალისტებზე", - ამბობს ადვოკატი. 

აღნიშნულ სასამართლო დავას  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ე.წ. SLAPP საქმედ მიიჩნევს. 

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“  განცხადებით კი სასამართლოს მიერ ცილისწამების დავაზე ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ ცნობა ცალსახად ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ჩანაწერს.