ჟურნალისტური გამოძიება - დაცვის სამსახურების წევრებს ხმის ოცნებისთვის მიცემას აიძულებენ (შიდა მიმოწერები)

12.10.24 21:01
ჟურნალისტური გამოძიება - დაცვის სამსახურების წევრებს ხმის ოცნებისთვის მიცემას აიძულებენ (შიდა მიმოწერები)

საქართველოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი "შაბათის ეთერს" გამაოგნებელი ფაქტების შესახებ უყვება - ახალგაზრდა ამბობს, რომ კერძო დაცვის სამსახურში, "არმი სიქურითიში" აყვანის შემდეგ, ადმინისტრატორმა დაცვის თანამშრომლებს დაავალა ხმა "ქართული ოცნებისათვის" მიეცათ.

დაჰპირდა, რომ ვინც პირად მონაცემებს გააგზავნიდა იმის დასადასტურებლად, რომ ოლიგარქის პარტიას უჭერდა მხარს, შემდეგ წლებში ხელშეუხებლობის გარანტიებს მიიღებდა.

ამბავი, რომელსაც სტუდენტი ჰყვება, "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მიმოწერით დასტურდება - 20 სექტემბერს კერძო დაცვის კომპანიაში დასაქმებულებს, ვინმე გიორგი მოუწოდებდა, რომ "ოცნების" მხარდაჭერის დასადასტურებლად, არა მხოლოდ მათი, არამედ მათ ოჯახის წევრების პირადი მონაცემები გადაეგზავნათ. დაპირებებს შორის იყოს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხელშეუხებლობა ან ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაც. 

"ბიჭებო მე მჭირდება თქვენი სახელი გვარები პირადი ნომრები დაბ თარიღი და საცხოვრებელი უბანი. ასევე თქვენი ოჯახის წევრების ვინც წავა არჩევნებზე. ხმას მისცემთ 41! მოკლედ დაგვეხმარებიან ბევრ საკითხში. ინციდენტი რომ დაფიქსირდეს და ჩვენიანმა გალახოს ვინმე ან პრობლემა შეექმნას ორგანოებთან ჩვეულებრივად გამოაძვრენენ. პრაქტიკიდან გეუბნებით 13 წლიან სროკს გადაურჩნენ"- წერია ერთ-ერთ სქრინში. 

"შაბათის ეთერის" რესპოდენტი ამბობს, რომ კერძო დაცვის კომპანიის წარმომადგენელი, დასაქმებულებს ემუქრებოდა, რომ თუ ოცნებას ხმას არ მისცემდნენ, ხელფასს არ გადაუხდიდა. 

"შაბათის ეთერმა" ათობით შეტყობინება გაშიფრა, აქ საუბარია არა მხოლოდ ზეწოლაზე, არამედ მოსყიდვაზეც, ჩანაწერების მიხედვით,  დაცვაში დასაქმებულებს მათი და მათ ოჯახის წევრების ხმებს საწვავის ტალონებში უცვლიდნენ. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კერძო დაცვის კომპანია, რომელიც თანამშრომლებს  "ქართული ოცნების" მხარდაჭერას აიძულებდა და სანაცვლოდ ძალოვანებთან საქმის დალაგებას ჰპირდებოდა "არმი სექურითია".  ვინმე  გიორგი კი, რომელიც ახალგაზრდებს აიძულებდა ხმა "ქართული ოცნებისათვის" მიეცათ, გიორგი ბაბუციძე. საჯარო წყაროების მიხედვით ის "არმი სიქურითის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

"არმი სიქურითი" სოციალური ქსელის "ინსტაგრამის" თანახმად, დაცვის სამსახურის "ალფა გრინის" ოფიციალური პარტნიორია.
 საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით 2 მაისს, თამარ მეფის ხიდთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ათობით ახალგაზრდა სწორედ "ალფა გრინის" თანამშრომლებმა სცემს. 

"ალფა გრინის" ორივე ხელმძღვანელი - გიგი შალამბერიძეც და დავით კალანდაძეც ახლა პატიმრობაში არიან, სავარაუდოდ, ხმების შეგროვება ქართული ოცნების სასარგებლოდ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. რადგან "ალფა გრინის" ოფიციალური პარტნიორი "არმი სიქურითია" და მისი ერთ ერთი დამფუძნებელი გიორგი ბაბუციძე შალამბერიძესთან და კალანდაძესთან ანუ იგივე  "ბოგოტასთან" დაახლოებული პირია. 

თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები