კანონმა უდანაშაულო ადამიანზე იძალადა - ზვიადაურის ადვოკატი
მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისა და ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის, ადვოკატები მოსამართლე თამარ კაპანაძის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სააპელაციოში მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ისინი ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ დავას.
„კანონმა უდანაშაულო ადამიანზე იძალადა“ - ამბობს ადვოკატი.
მისი შეფასებით, არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი იყოს პატიმარი.
ადვოკატ კახა ცნობილაძის შეფასებით კი სასამართლოს გამბედაობა არ ეყო.
სასამართლო ამას ვერ გასცდა, მას არ ეყო გამბედაობა, რომ ისეთ მუხლზე, როგორიც მკვლელობაა, გამოეყენებინა პირადი თავდებობა ან გირაო, რომელიც ჩვენ ასევე შევთავაზეთ. ყველამ ნახეთ, რომ ზურაბს თავდებში უდგებოდნენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ზურაბ ზვიადაურის ქცევაზე პასუხისმგებლობა აიღეს, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა“, - განაცხადა კახა ცნობილაძემ.
ცნობისთვის, მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.