ნუცა ბუზალაძეს - 25 000, "ურსას“ 20 200 ლარი - რამდენს გადაუხდიან მომღერლებს მცხეთობის ღონისძიებაზე?
მცხეთობის აღსანიშნავ ღონისძიებაში ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან ნახევარი მლნ ლარი უკვე დახარჯა. ტენდერი არც ამ შემთხვევაში გამოცხადებულა. დღესაც, ტრადიციულად, კონცერტში მონაწილეობას ის მომღერლები და არტისტები მიიღებენ, რომლებიც "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობენ ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთ კონცერტში მომღერალ ნუცა ბუზალაძეს 25 ათას ლარს გადაუხდიან. მცხეთობას იმღერებს ჯგუფი "ურსაც", რომელსაც ბიუჯეტიდან 20 ათას ორას ლარს გადაურიცხავენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის ფულს არაკეთილსინდისიერად განკარგავს.
დოკუმენტებით თუ ვისმჯელებთ, დღევანდელი დღე მოულოდნელად დადგა. მცხეთის მერიამ არ იცოდა, რომ დღეს იქნებოდა სვეტიცხოვლობა, შესაბამისად, მოითხოვა, რომ გამარტივებული წესით გაფორმდეს ნახევარ მლნ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები. რაც შეეხება ჰონორარებს, მუსიკოსებს, აქაც კვლავ გვაქვს სელექცია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა გაფორმებული კონტრაქტი არის იმ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებებში. ეს ღონისძიება ჩატარებულია გამარტივებული წესით. „ქართული ოცნება“ ყველაფერზე შოულობს ფულს, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის ბიუჯეტს პარტიული ინტერესებისთვის იყენებს. მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობს, წინასაარჩენოდ რაც შეიძლება მეტი ხმა მობილიზოს.
ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული პირადი, პარტიული ბიუჯეტი ჰგონია და განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ განკარგავენ ისე, როგორც მათი პარტიული ინტერესებისთვის იქნება საუკეთესო. შესაბამისად, ისინი ამ ფულს ხარჯავენ იმიტომ, რომ დამატებით „ქართული ოცნების" ხმების მობილიზება მოახდინონ. ასობით ათას ლარს იხდიან მხოლოდ ერთ კონცერტში და უხდიან კოლოსალურ ხელფასებს ადამიანებს, რომლები „ქართული ოცნების“ პარტიისადმი არიან ლოიალურად განწყობილები, რომ შემდგომში მათი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ვნახეთ მილიონობით გახარჯული, გაფლანგული ლარი, რომელიც შეიძლებოდა, მოხმარებოდა ბევრად უფრო მნიშვნელოვან საჭიროებებს, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.