მშობლების პირადი ინფორმაციის მოთხოვნა სკოლებში - კოალიცია “ჩემი ხმა“ განათლების სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს

14.10.24 11:52
მშობლების პირადი ინფორმაციის მოთხოვნა სკოლებში - კოალიცია “ჩემი ხმა“ განათლების სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს

საჯარო სკოლებში მშობლების პირადი ინფორმაციის მოთხოვნას კოალიცია “ჩემი ხმა“ არაკანონიერად მიიჩნევს და განათლების სამინისტროს მოუწოდებს, გააკეთოს განმარტება, თუ რაში დასჭირდათ მოსწავლეებისგან ამ ინფორმაციის შეგროვება.

ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ საჯარო სკოლებს ისედაც აქვთ კანონიერი წარმომადგენლის შესახებ მაქსიმალური მონაცემები, რაც ბავშვების სასწავლო პროცესის მართვისათვისაა საჭირო.

ის საკითხის შესწავლას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც სთხოვს.

სკოლაში მოსწავლეებისგან გროვდება, მათი მშობლების პერსონალური მონაცემები, აუცილებლად ამ საკითხზე განმარტება უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ, რაში დასჭირდა მოსწავლეებისგან ამ ინფორმაციის შეგროვება, ვინაიდან, მათ ისედაც აქვთ ბავშვების კანონიერი წარმომადგენლის შესახებ მაქსიმალური მონაცემები, რაც საჭიროა, ბავშვების სასწავლო პროცესის მართვისათვის. აგრეთვე აღნიშნული საკითხი უნდა შეისწავლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა“, - განაცხადა თოლორაიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა ბლანკის ნიმუში და ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ  საჯარო სკოლებში მოსწავლეებს მშობლების პირად ინფორმაციას სთხოვენ. 

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პერსონალური მონაცემების დარღვევაა და მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა დაუშვებელია. ამასთან, პრეზიდენტი იმ სკოლების იდენტიფიცირებას ითხოვს, სადაც მოსწავლეებს მსგავსი ინფორმაციის წარდგენას სთხოვენ. 

მსგავსი სიახლეები