საქართველოში უმუშევრობის დონე კიდევ გაიზარდა

19.08.21 12:25
საქართველოში უმუშევრობის დონე კიდევ გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1 პროცენტი შეადგინა.

მუშევრობის დონე მაღალია კაცებში - 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში — 5.7 პროცენტული პუნქტით.

ირკვევა, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის მიხედვით, დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.7 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში — 6.2 პროცენტული პუნქტით.