გზების მოხრეშვა ხმების სანაცვლოდ? - წაღვერის მოსახლეობა "ოცნების" დელეგატს ტყუილში ადანაშაულებს

15.10.24 12:03
გზების მოხრეშვა ხმების სანაცვლოდ? - წაღვერის მოსახლეობა "ოცნების" დელეგატს ტყუილში ადანაშაულებს

წაღვერის მოსახლეობა "ოცნების" დელეგატს, ზაალ დუგლაძეს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზაალ დუგლაძემ წინსაარჩევნოდ ხალხს გზების რეაბილიტაციის პირობა მისცა, წაღვერში მძიმე ტექნიკაც გაუშვა, თუმცა გზა მხოლოდ იმ უბანში მოაპირკეთეს, სადაც დუგლაძის მხარდამჭერი ორი ოჯახი ცხოვრობს. ფაქტმა ადგილობრივებში დიდი პროტესტი გამოიწვია და ახლა დეპუტატს განმარტებებს თხოვენ.

მოვიდა დეპუტატი დუგლაძე, დაგვიპირდა და მეორე დღეს გამოგზავნა ორი ტრაქტორი. კაცი აქ დაპირდა, მე დავხვდები და მე ვიქნები გარანტორიო, ის დახვდა, თავის საკუთარ ადგილას წაიყვანა ეს გრეიდერი, თავისი გზა გააკეთა. მეორე ტრაქტორი ჩააბარა მეორე მეზობელს. იმ მეორე მეზობელმაც გაიყვანა ეს ტრაქტორი და თავისი საქმე გააკეთა. შემდეგ დაურეკეს აქ სოფლის გამგებელს, რომ გაკეთებულია ყველაფერიო, მოვიდა ევაკუატორი  და წაიყვანა ეს ტრაქტორი. არაფერი არ არის გაკეთებული", - ამბობს ადგილობრივი.

ზაალ დუგლაძე კი ირწმუნება, რომ გზები კეთდება, რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ამბობს, რომ ყველაფერს გადაამოწმებს.