ეროვნულმა ბანკმა $64 900 000 გაყიდა

16.10.24 16:30
ეროვნულმა ბანკმა $64 900 000 გაყიდა

2024 წლის 16 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 70 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.

სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია.

შეგახსენებთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში კვლავ ძლიერია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს" - აცხადებს ეროვნული ბანკი.

64,9 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 1,31 თეთრით, ევროსთან კი 1,75 თეთრით გამყარდა.

ხვალ 1 დოლარი 2,7143 ლარი ეღირება; 1 ევრო კი - 2,9567 ლარი.

ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირაში, 8 ოქტომბერ $48,5 მილიონი გაყიდა. სები სავალუტო აუქციონის გამართვას ლარის კურსის „ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით“ ხსნის. 

მსგავსი სიახლეები