ვისაც უნდა აცრა აიცრება, რატომ მიკრძალავ კარგად ყოფნას? - მეუფე იაკობის მორიგი ანტივაქსერული ქადაგება

19.08.21 17:45
ვისაც უნდა აცრა აიცრება, რატომ მიკრძალავ კარგად ყოფნას? - მეუფე იაკობის მორიგი ანტივაქსერული ქადაგება

კორონავირუსი ღვთის შეწევნით უნდა დავამარცხოთ.  ვისაც აცრის იმედი აქვს, აიცრება, ვისაც არა, იმას ვერ დააძალებ - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უმჯობესია, არც დაავადებულებს შევხედოთ კეთროვნებად და არც ჯანმრთელებს.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა ამბიონიდან განაცხადა, რომ პანდემიის დროს მისთვის არაფერი შეცვლილა და მიუღებელია თავყრილობებზე წასვლისგან თავის შეკავება.

ჩვენი საქციელით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ამას, გარდაიცვალა. კორონავირუსს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. ერთი რაღაც არ არსებობს, რითაც უნდა ვებრძოლოთ. ზოგი ამას აცრით ებრძვის, ზოგი დაავადების გადატანით. ჯერ ბოლომდე არც ვიცით, რა დაავადებაა. 
 

სულ ისეც ვერ ვიქნებით, რომ კაცობრიობა ვირტუალურ ცხოვრებას მიგვაჩვიონ. ქართველები მოსიყვარულე ერი ვიყავით,  მახსოვს, როგორი ნათესაობა, მისვლა-მოსვლა გვქონდა...

როგორც ბერისთვის, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, არც ზედმეტად ვიბან და არც ასე. სანამ ახლა მიხვდებოდნენ, რომ ხელები უნდა გვებანა, ბევრმა ვიცოდით. უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
 

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ასევე დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

არ გიშვებენ კინოთეატრში, თეატრში. რესტორანს კიდევ აიტან ადამიანი, თუ არ შეგიშვეს, მაინც ჩაგრავენ ადამიანს, იმიტომ, რომ ჯანმრთელი ხარ და ჯერჯერობით არ ხარ დაავადებული. ანუ ჯანმრთელი ცუდი ყოფილა... რატომ მიკრძალავ კარგად ყოფნას? თუ ცუდად გახდი, ჩაგკეტავენ და ჩაკეტილი ხარ სადღაც. კარგად თუ ხარ, დანარჩენი საზოგადოებისთვის, ვისაც ეშინია, რომ არ დაავადდეს, შენ ხარ კეთროვანი. 

თუ გვეუბნებიან, რომ მანძილი უნდა დავიცვათ, დროებით ეს ასატანია. მაგრამ მუდმივად ასე ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას.

ადამიანობა უნდა შევინარჩუნოთ... უნდა ვეცადოთ, რომ დავამარცხოთ ღვთის შეწევნით... ვისაც აცრის იმედი აქვს, ის აიცრება, ვისაც არ უნდა, იმასაც ვერ დააძალებ.
უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მშიშრები არ უნდა ვიყოთ და არც ისე უნდა ვქნათ, ღვთის რისხვა ძალით გამოვიწვიოთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა. 

მსგავსი სიახლეები