კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულების შეჩერებაზე გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა

17.10.24 15:39
კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულების შეჩერებაზე გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარეთ დატოვა - უფრო კონკრეტულად,  სააპელაციომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას გულისხმობდა. 

წიქარიშვილი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად სალომე ზურაბიშვილმა დანიშნა. ახლა კი სასამართლო ამბობს, რომ თუ წიქარიშვილი საბჭოში იმუშავებს, გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეეშლება, რაც იურისტისთვის აფსურდული არგუმენტია.

მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნებიდან" იყო დაკვეთა, რომ არჩევნებამდე არ უნდა შევსულიყავი იუსტიციის საბჭოში - ამბობს კახა წიქარიშვილი.

მოსამართლემ შეაჩერა ჩემი უფლებამოსილება იმ საბაბით და იმ მოტივით, რომ ჩემი იქ ყოფნა ხელს შეუშლის მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს არის პარადოქსი, რადგან იუსტიციის საბჭოში კარს ვერ ავჭედავ და ვერ გამოვიკეტები ოთახში, რომ ჩემი იძულებით გამოყვანა გამხდარიყო საჭირო იმ ოთახიდან. გამოდის, რომ მოსამართლე ზრუნავს მხოლოდ მანუჩარ კაკოჩაშვილზე და ის არ მსჯელობს იმაზე, თუ რა ინტერესი დგას მეორე მხარეს.

მეორე მხარეს დგას თვითონ საჯარო ინტერესი, რომ პრეზიდენტს ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი იუსტიციის საბჭოში. მოსამართლე ეუბნება პრეზიდენტს, რომ შენი განკარგულება არის საეჭვო, მაგრამ არ ეუბნება, რომ კანონს ეწინააღმდეგება, რაში გამოიხატება. მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნებიდან" იყო დაკვეთა, რომ არჩევნებამდე არ უნდა შევსულიყავი იუსტიციის საბჭოში", - ამბობს კახა წიქარიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა.

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო, რომელიც  წიქარაშვილმა სააპელაციო სასამართლოში  გაასაჩივრა.