ოფშორების კანონი და მასთან დაკავშირებული რისკები - კვლევა
ოფშორების კანონში ჩაწერილი ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდისგან ათავისუფლებს. კერძოდ, ოფშორების კანონის მიხედვით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს შეუძლია, მისი აქტივები, მოძრავი ქონება და ნახატები ქვეყანაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე შემოიტანოს.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრისა" და "ფლანგვის დეტექტორის" მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, კანონი სრულყოფილად ივანიშვილზე არის მორგებული, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის გარდა ვინმეს ქვეყნის გარეთ საკუთარი მოგების გატანა მოუნდება, მას გადასახადების გადახდა მოუწევს.
ორი ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, კანონის თავდაპირველი ვერსია კი გულისხმობდა, რომ ქვეყანაში ქონებისა თუ აქტივის შემოტანის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს 18%-ის გადახდა ბიუჯეტში უწევდა, ამიტომ შეცვლილი კანონის შემდეგ, მკვლევრებს უჩნდებათ ეჭვები, რომ ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება სწორედ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზეა მორგებული.
ამასთან, საყურადღებოა, რომ თავდაპირველ კანონში არსებობდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ბიზნესს ქვეყნის გარეთ ოფშორებში გაუნაწილებელი მოგების გატანა შეეძლო, თუმცა ახალი ბრძანებით ახლა ოფშორებიდან აქტივების მხოლოდ შემოტანაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" და "ფლანგვის დეტექტორის" კვლევაში ცალკეა ჩამოთვლილი კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა, ოფშორების კანონის გამოიყენება სჭირდებოდეთ და ცალკეა ჩამოთვლილი ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული მინიმუმ 15 ოფშორული კომპანია.
ჩვენი აზრით, ამ საკანონმდებლო ცვლილების პირველადი მიზანი იყო, სწორედ ოფშორული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანა და საქართველოს ერთ დიდ სეიფად ქცევა მსხვილი კაპიტალის ინტერესებისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, ივანიშვილისთვის. თქვენ იცით, რომ ივანიშვილს არაერთი ოფშორული კომპანია აქვს, მათ შორის, კომპანიები, რომლებიც ნახატებს უკავშირდება. სავარაუდოდ, ამ ცვლილებებით მას დაზღვევისა და უსაფრთხო სამართლებრივი რეჟიმის შექმნა უნდოდა", - ამბობს თამთა მიქელაძე.