წინასაარჩევნო დარღვევები გურიაში - არსებული ინფორმაციით, დეპუტატის მეუღლემ სკოლის მასწავლებლებს 1000 ლარიანი ვაუჩერები გადასცა

18.10.24 11:51
წინასაარჩევნო დარღვევები გურიაში -  არსებული ინფორმაციით,  დეპუტატის მეუღლემ სკოლის მასწავლებლებს 1000 ლარიანი ვაუჩერები გადასცა

წინასაარჩევნო დარღვევები გურიაში -  არსებული ინფორმაციით,  დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის ცოლის ორგანიზაციამ “ქალები ქალებისთვის“ სკოლის 11 მასწავლებელს 1000 ლარიანი პრემიები გადასცა.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუმცა “ტვ პირველს“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა ფაქტი დაუდასტურა.

“ჯერ მხოლოდ გაჟღერდა, რომ დაარიგებენ“-, ამბობს  რუსუდან ცეცხლაძე.

ფაქტს ადასტურებს ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლალი სიჭინავამაც. თუმცა, ამბობს რომ თანხა მას არ გადაუცია და ორგანიაზციამ გადასცა.

მე რატომ გადავცემდი, ორგანიზაციამ გადასცა. ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლო ამის გაკეთება. ყველაფერი ნორმალურადაა, ამ მასწავლებლებს იმხელა შრომა და ენერგია აქვთ ჩადებული“,- ამბობს სიჭინავა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფაქტზე ისინი პროკურატურას აუცილებლად მიმართავენ და შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ. 

“ოცნება“ ყოველგვარ ზღვარს გასცდა წინასაარჩევნოდ და ამისი ნათელი დადასტურებაა, მათ სიაში მყოფი, ვასილ ჩიგოგიძის მეუღლემ  1000-ლარიანი ვაუჩერები გადასცა პედაგოგებს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მოსყიდვის ფაქტს აქვს ადგილი, როგორც ჩანს, ჩიგოგიძეს მწვანე აქვს ანთებული, ოღონდ არჩევნებზე სასურველი შედეგი დადგეს“,- ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი.

მას შემდეგ , რაც კონკრეტული ფაქტები გავასაჯაროვეთ და პროკურატურს მივმართეთ, როგორ იყენებს საარჩევნო რესურსს და მოსყიდვას ახორციელებს ვასილ ჩიგოგიძის მეუღლე, ამის შემდეგ ჭკუა იხმარეს და ამ ყველაფერს სხვა სახე მისცეს. ჩიგოგიძე არის პარლამენტარი, რომელსაც არცერთხელ ხმა არ ამოუღია ადამიანების საჭიროებებზე და გურიაში კორუმპირებელი, მოძალადე კლანების ჩასრთულობით მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია“,- ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგნიზაციას “ქალები ქალებისთვის“ - ისინი ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ ეს იყო პროექტის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ისინი ყოველწლიურად აკეთებენ.