ჩვენს მისამართზე უცხო ადამიანები არიან რეგისტრირებულნი - მოქალაქეები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ

18.10.24 13:44
ჩვენს მისამართზე უცხო ადამიანები არიან რეგისტრირებულნი - მოქალაქეები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა - თუმცა, მოქალაქეები, რომლებიც საარჩევნო უბანზე, სიების გადასამოწმებლად მივიდნენ, ამბობენ, რომ მათ მისამართზე სრულიად უცხო ადამიანები  დახვდათ რეგისტრირებული.

საუბარია ზუგდიდის ერთ-ერთ  საარჩევნო უბანზე, სადაც მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ მისი და მისი მეზობლის მისამართზე სრულიად უცხო ადამიანები არიან რეგისტირებულნი. 

ონლაინ სიაში, ჩემ პირად მისამართზე, ყველაფერი არის სწორად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კედლის სიაში, რომელიც გამოგზავნილია საარჩევნო კომისიიდან, არის დამატებით კიდევ 2 ადამიანი. თუმცა, ჩემი მეზობლის, ხანდაზმული ქალბატონის მისამართზე, მივედი და გადავამოწმე, ონლაინ ყველაფერი არის გამართულად, წერია, მხოლოდ 1 ადამიანი, რეალურად კი 15 - მდე ადამიანია მისამართზე მიწერილი. 

მიუხედავად იმის, რომ ჩემი ოჯახის წევრს, 2018 წლის არჩენების შემდეგ უკვე ჰქონდა განცხადება დაწერილი, რომ ზედმეტი ადამიანები ამოწერილი ყოფილიყვნენ,  ვხედავთ, რომ სურათი სრულად საპირისპიროა. ხელისუფლებამ და ცესკომ გაგვარკვიოს იმაში, რა საჭიროა ცენტრალური სარჩევნო კომისიის ონლაინ სია, თუ აქ რეალური სურათი არ არის“, - ამბობს ზუგდიდის მაცხოვრებელი.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ამომრჩეველი აწყდება, ეხება ხელოვნურ ბარიერებს, რომელსაც მათი თქმით, უქმნის როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე იუსტიციის სახლი.

ოპოზიციონერი წევრი ცესკოდან ამბობს, რომ მას არ მისცეს უფლება მისივე ნათესავი თავის სახლში ჩაეწერა, რათა ხმის მიცემა შეძლებოდა.

მაქვს ეჭვი, რომ ეს შეგნებულად იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ამ ადამიანს, რომელიც ჩემ იურიდიულ მისამართზე ეწერებოდა, რათა შემდეგ მიეცა ხმა თბილისში, სპეციალურად შეუქმნა პრობლემა, როგორც სერვისების განვითარების სააგენტომ, ისე ადმინისტრაციამ. ორივე მათგანი ცრუობს, როცა ამბობს, თითქოს, შუალედებში იგზავნებოდა მესიჯი ხარვეზებთან დაკავშირებით. ასეთი მესიჯები საერთოდ არ მიგვიღია, ასევე სიცრუეა ის, რომ ეს მისამართი არ იძებნება,  რადგან მე და ჩემი ოჯახის სხვა წევრები ვართ რეგისტრირებულები და ვაძლევთ ხმას“, - ამბობს ანა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მომართა.