სკანდალი - გახარიას დაკავებული თანაგუნდელი პოლიციას მუქარაში ადანაშაულებს

20.08.21 11:03
სკანდალი - გახარიას დაკავებული თანაგუნდელი პოლიციას მუქარაში ადანაშაულებს

ვახტანგ გომელაურის უწყება მორიგ სკანდალში ეხვევა - გიორგი გახარიას გუნდის დაკავებული მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, ამტკიცებს, რომ მასზე მუქარა პატიმრობაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა. 

ბართაიას ადვოკატის, ზაზა დათუკიშვილის, განცხადებით, სასამართლოს შემდეგ მაშინ, როცა პოლიციელებს აკაკი ბართაია ციხეში გადაჰყავდათ, სამართალდამცავები შემოვლითი გზით წავიდნენ, ავტომობილი გააჩერეს, ბრალდებული გადმოიყვანეს და იმ პოლიციელს შეახვედრეს,  ვინც ბართაიას მტკიცებით, 16 აგვისტოს იარაღი ჩაუდო და დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა. 

გომელაურის თანამშრომელი გახარიას პარტიის მხარდამჭერს ემუქრებოდა, შეეწყვიტა მედიასთან კომუნიკაცია და აღარ დაეწერა საჩივარი. 

პოლიციის თანამშრომლებმა ბართაიას ეტაპირება მოახდინეს სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულებაში, რა დროსაც იგი სპეციალურად, შემოვლითი გზით წაიყვანეს. პოლიციელებმა გააჩერეს მანქანა, სადაც მას შეხვდა ერთ-ერთი ის პოლიციელი, რომელიც იარაღის ჩადების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. 

ბრალდებულის განცხადებით, აღნიშნული პოლიციელი მას კვლავ დაემუქრა, რომ თუ არ შეწყვეტდა საკუთარი საქმის ირგვლივ ჩივილს და აქტივობას, ისინი მას გაამწარებდნენ"- განაცხადა ადვოკატმა. 

მისი თქმით, დაკავებულს პოლიციელის ამოცნობა შეუძლია. 

ადვოკატმა საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა.