"ევროპა ეკლესიებს და სპორტულ კომპლექსებს არ ბომბავს" - გიორგი მარშანია 20 ოქტომბრის მარშს უერთდება
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაგეგმილ ევროპულ მარშს მსახიობი გიორგი მარშანიაც უერთდება - როგორც ხელოვანი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა თითოეულმა ქართველმა მთელ ცივილიზებულ სამყაროს დაანახოს, რომ მათი არჩევანი ევროპაა.
გიორგი მარშანია ევროკავშირის სიკეთეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ევროპა "ეკლესიებს, სპორტულ კომპლექსებს არ ბომბავს" და განვითარების უპირობო შესაძლებლობას იძლევა.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ნათელია. ეს არის ევროპა, სადაც არის განვითარება. ევროპა არ ბომბავს არავის ეკლესიებს, არავის სპორტულ კომპლექსებს, მოედნებს. ის გვეხმარება დამოუკიდებლობის დღიდანვე, რომ აღვადგინოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, სტადიონები, სკოლები გავარემონტოთ და ა.შ.. ეს არის ჩვენი არჩევანი და მე ვისურვებდი, რომ ჩვენ ამის დემონსტრირება აღარ დაგვჭირდეს. სამწუხაროდ, დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენი არჩევანის დემონსტრირება გვჭირდება, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ არავითარი მარში და ხმამაღლა ძახილი არ დაგვჭირდეს, რადგან ეს ისედაც უნდა მოხდეს", - ამბობს გიორგი მარშანია.
შეგახსენებთ, ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით - "ჩვენ გვინდა ევროპაში!"