წულუკიანს პოსტის დატოვება პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს - კულტურის სფეროს წარმომადგენლები
კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძის დანიშვნის ფაქტს ამავე სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ თეა წულუკიანს თანამდებობის დატოვება პასუხისმგებლობებისგან არ ათავისუფლებს.
როგორც კულტურის დარგის წარმომადგენლები "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებენ, "ქართულმა ოცნებამ" "ქართული კულტურა დაასამარა".
ის, რომ ქალბატონი წულუკიანი გადადგა თანამდებობიდან, მას არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობებისგან, რომელიც მან თავის დროზე აიღო. ჩვენთვის საინტერესო არ არის, ბოლო 10-15 დღე მინისტრი ვინ იქნება. იმის მიხედვით, თუ როგორ დასრულდება არჩევნები, ამით გაირკვევა, თუ ვინ იქნება შემდეგი მინისტრი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაასამარა ქართული კულტურა", - ამბობს კულტურის სფეროს წარმომადგენელი.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ სამინისტროში დღემდე რჩებიან "წულუკიანის ბინძური ბრძანებების შემსრულებელი კადრები".
წულუკიანზე საშინელი ადამიანი წარმოუდგენელია, რომ მინისტრად იყოს, თუმცა ჯერჯერობით დარჩენილი არიან მისი ბინძური ბრძანებების შემსრულებელი კადრები, როგორიც არის აზნაურაშვილი, ახალბედაშვილი, მისი მოადგილეები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული 100-ზე მეტი ადამიანის უკანონო გათავისუფლებაში", - ამბობს კულტურის სფეროს წარმომადგენელი.
კულტურის სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს - თეა წულუკიანს თინათინ რუხაძე ცვლის. თინათინ რუხაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.