საქართველოს რკინიგზა ახალ სკანდალშია - უწყებას ტრაგედიას გადარჩენილი თანამშრომელი ამხელს
რკინიგზის დაშავებული თანამშრომელი ტრაგედიის დეტალებზე დღეს პირველად, 1 თვის შემდეგ ალაპარაკდა. ელექტროინჟინერი, რომელიც 3 სექტემბრის საბედისწერო დღეს სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, საქართველოს რკინიგზას გულგრილობაში უპასუხისმგებლობასა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ამხელს. თავის, სახის ძვლების, ნეკნების და გულმკერდის ძვლების მოტეხილობით 58 წლის კაცი სასწრაფოს ბრიგადამ ტრაგედიის ადგილიდან დაშავებულ მეწყვილესთან ერთად უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. ირკვევა, რომ მას შემდეგ სიკვდილს გადარჩენილი თანამშრომლები რკინიგზის ხელმძრვანელობამ დამალა, მათზე არაფერი უთქვამს, არც მომაკვდავები მოინახულა და არც მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურა.
3 სექტემბერს დიდუბე ზაჰეისს სარკინიგზო მონაკვეთზე დატრიალებული ტრაგედიის დღეს საქართველოს რკინიგზამ ოფიციალური განცხადებით თქვა, რომ შემთხვევას 2 მსხვერპლი და მხოლოდ 1 დაშავებული ჰყვდა. სავარაუდოდ, პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად რკინიგზამ კიდევ ერთი დაშავებვული თანამშრომელი გია გიაგაური დამალა.
მეუღლე გვიყვება, რომ დაშავებული კაცს მეტყველება თვენახვერის თავზე ჯერ კიდევ არ აღუდგა. ქალის თქმით, დახმარების და ყურადღების ნაცვლად რკინიგზის დეპარტამენტმა რეანიმაციაში მყოფ დასახიჩრებულ თანამნშრომლებს ხელფასის გადახდაც შეუწყვიტა. მამაკაცებს, რომლებსაც ექიმებმა ძვლების ნაცვლად ლითონის ფირფიტები ჩაუდგეს, რკინიგზამ ბიულეტინის შეწყვეტა მოსთხოვა.
საქართველოს რკინიგზაში ამტკიცებენ, რომ დაშავებულ თანამშრომლებს დახმარება აღმოუჩინეს და 500 ლარი მისცეს, ხელფასს კი იმიტომ არ აძლევენ, რომ ბიულეტინზე არიან.
უწყების განცხადებას სრულად გთავაზობთ:
სს „საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას.
შემთხვევის შედეგად დაზარალებული სამი თანამშრომლის შესახებ „საქართველოს რკინიგზამ“ მყისიერად აცნობა შესაბამის უწყებებს. დაშავებული თანამშრომლები სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილ იყვნენ კლინიკებში, სადაც მათ ოპერატიულად აღმოუჩინეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯები სრულად დაფინანსდა სადაზღვევო კომპანიის მიერ, რადგან „საქართველოს რკინიგზა“ ანაზღაურებს არათუ ყველა თანამშრომლის, არამედ მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. აქვე განვმარტავთ, რომ მკურნალობის პერიოდში დაზარალებულ პირთან, ბესო დავლიანიძესთან პირდაპირ კონტაქტზე იმყოფებოდნენ მისი უშუალო ხელმძღვანელი და „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წევრები. ამასთან, კომპანიის თანამშრომლებმა დაშავებულები რამდენჯერმე მოინახულეს მათი სახლში გაწერის შემდეგაც. რაც შეეხება დამატებითი მედიკამენტების ხარჯებს - უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწეულ იქნა დახმარება 500 ლარის ოდენობით.
ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დაზარალებულს კუთვნილი ხელფასი არ ჩაერიცხა. ამ საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ - ბიულეტენზე მყოფი დაშავებული თანამშრომლისთვის, კანონმდებლობის თანახმად, სახელფასო ანაზღაურება მოხდება საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის შემდეგ. აქვე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ პირს „საქართველოს რკინიგზის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ჩაერიცხა სახელფასო დანამატი", - წერს რკინიგზა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.