"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული აუდიო ჩანაწერები - რას იხსენებენ დარბეული და ნაცემი მომიტინგეები
ანტრუსულ აქციებზე, პარლამენტთან გაზით მოწამლული მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული აუდიო ჩანაწერები სერიოზული მტკიცებულება. იურისტი ადასტურებს, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს სპეცდანიშნულების რაზმი უკანონო და აკრძალული საშუალებებით დევნიდა.
ვიხრჩობოდი და ახალგაზრდები, რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ ფატალურად დასრულდებოდა - ამბობს რამიშვილი.
''იყო მცდელობა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ, დაერბიათ. მე ჩავდექი ძალოვან სტრუქტურებს და ამათ შორის შუაში. ზუსტად მახსოვს ვიგუდებოდი, ზუსტად რაც გუშინ ბატონი ნოდარი გადაცემაში იყო ერთი-ერთში იყო ზუსტად. ვიხრჩობოდი და ახალგაზრდები, რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ ფატალურად დასრულდებოდა, რადგან მოგეხსენებათ რომ მე ბევრი ტრავმები მაქვს, მოხდა ტანსაცმლის გახდა", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
დარბევის დღეს იხსენებს ლევან ბუდაღაშვილიც. აქტივისტი ამბობს, რომ მასზე ანგარიშსწორება პირადად "ხარებამ" განახორციელა.
''მანქანაში, რომ ისხდნენ ადამიანები, თანამშრომლები ისინი ვერ არკვევდნენ ამ რაციაზე, როგორ ემოქმედათ. რაღაც გარკვეული პროტოკოლი, ხომ გააჩნიათ, მაგრამ არ იცოდნენ, ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებს კონკრეტული რაციაზე მიღებული ბრძანების გარეშე. დაჯგუფება კი არ მცემდა მარტო, ჩემი ეპიზოდი არის ის, რომ მე ხარებამ პირადად "დამამუშავა", კამერით გადაღება და ყველაფერი. პატრული იდგა, ჩემს გარშემო ზურგ შექცევით, როცა ხარება მუშაობდა", - ამბობს ლევან ბუდაღაშვილი.
დათო დანელია კი დარწმუნებულია, რომ წყლის ჭავლში უცხო ნივთიერება იყო შერეული, რადგან მისი თქმით, ბევრჯერ შესხმია წყლის ჭავლი აქციებზე, მაგრამ ასეთი დამწვარი არასოდეს ყოფილა.
''როდესაც წყლის ჭავლი შემესხა, პირადად მე წვა ვიგრძენი მთლიან ტანში და ამან დამაეჭვა, რადგან წიწაკის სპრეი არ იყო, წყლის ჭავლი მომხვდა მე ტანზე, როდესაც გავიხადე პერანგი, სულ წითელი ვიყავი და ეს სიწითლე დაახლოებით 2 დღის განმავლობაში არ ქრებოდა, ამან ჩემი ეჭვიც დაბადა თუ წყლის ჭავლის შედეგად რატომ ვიყავი ასეთი დამწვარი და წითელი. არაერთხელ შემსხმია წყლის ჭავლი დარბევაზე, მაგრამ ასეთი არ ყოფილა არასდროს და ეს იმას ადასტურებს, რომ რაღაც ნივთიერება იყო გარეული იმ წყლის ჭავლში, რომელიც ადამიანებს აზიანებდა", - თქვა დათო დანელიამ.
აქციაზე სასტიკად ნაცემი გურამ ადამია კი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფო ჩარჩოებს გარეთ არის გასული.
''პერსონალური ნივთიერებები ჰქონდათ ხელში ამ ადამიანებს, აშკარად, რომელსაც სახეში ასხამდნენ ადამიანებს და იქ რა ჰქონდათ, კონტროლის საშუალება ხომ არ არსებობს ამ ხალხს რა უკავიათ, სახელმწიფოც არ აკონტროლებს. რაც მოუხვდებათ ყველაფერს გამოიყენებენ ესენი. გასულია ჩარჩოებს გარეთ, ეს არ არის სახელმწიფო უკვე, არც კონტროლი არ გაქვს და არაფერი. ესენი უბრალოდ უნდა მოვიცილოთ, სხვა აქ არაფერი არ არის", - ამბობს გურამ ადამიანია.
"შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მოიპოვა აუდო ჩანაწერები, საიდანაც დგინდება ვისი დავალებით სჯიდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. რაციის ჩანაწერებში ისმის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იოსებ ჭელიძის, იგივე "მოზგის" ხმა. აუდიო მასალის, რომელიც გუშინ "შაბათის ეთერში" გავიდა, მთავარი ფიგურანტები არიან ხარება და მისი მოადგილეეები. ერთ-ერთ ჩანაწერში გარკვევით ისმის სიტყვები - "გაზი გაურიეთ". ეს მტკიცებულებაა იმის, რომ აქციიის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლში ურევდა ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც რეაქციაში შედიოდა წყალთან და განსაკუთრებით მძიმე იყო დემონსტრანტებისთვის.