“ქალბატონმა თეამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა, როცა მინისტრი იყო“ - კულტურის პროფკავშირმა ანგარიში წარადგინა

21.10.24 13:05
“ქალბატონმა თეამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა, როცა მინისტრი იყო“ -  კულტურის პროფკავშირმა ანგარიში წარადგინა

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა მოკლე საჯარო ანგარიში წარადგინა, რომლის ძირითადი ნაწილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობის შედეგებს დაეთმო.

საჯარო ანგარიშში საუბარია,  უწყებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე და სამინისტროს წაგებულ შრომით დავებზე, კულტურის ძეგლების დაზიანებაზე, გალერეებიდან ტილოების გაქრობის უსაფუძვლო ბრალდებებზე და სხვა.

როგორც პროფკავშირის წევრები აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ თეა წულუკიანი მინისტრი აღარაა, ის პასუხისმგებლობას ვერ უნდა გაექცეს.

საუბარი იყო იმაზე, რომ დაიკარგა რაღაც ექსპონანტები მუზეუმებიდან და ამას ის დაასაბუთებდა და ადამიანები პროკურატურაში არბენინეს და დაკითხვებზე ატარეს, საბოლოოდ, ისე დატოვა თანამდებობა ქალბატონმა წულუკიანმა, რომ არც ერთი კონკრეტული დოკუმენტი არ წარმოუდგენია, რა დაიკარგა, ვინ დაკარგა და ა.შ.

მთავარი ისაა, რომ 2021-24 წლებში 300-ზე მეტი ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან. 103 ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს, ვიცით, ვინ არიან“, – განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.

ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, ამ ეტაპზე პროფკავშირს 250 წევრი ყავს. ის ამბობს, რომ სცადეს კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია, თუმცა უშედეგოდ.

ამ სამი წლის განმავლობაში რაც მივაღწიეთ, არის ის, რომ ჩავატარეთ 5 საერთო კრება, რომელშიც მონაწილეობდნენ პროფკავშირის წევრები, 3 სამედიაციო პროცედურა გავიარეთ, მათ შორის, ოპერის და ბალეტის თეატრთან, რომელმაც დაარღვია ყველანაირი კანონმდებლობა და გაუშვა 11 გაფიცული. გაფიცვის მოტივით არ შეიძლება, დასაქმებული გაუშვა. 11 საქმეა შეტანილი ოპერის და ბალეტის თეატრის წინააღმდეგ. ასევე არის 30 სარჩელი ჩვენი წევრების, 31 საქმეში გავიმარჯვეთ, 13 იყო პროფკავშირის წევრების და 6 ჩვენ თვითონ ვაწარმოეთ. ოპერის და ბალეტის თეატრში ჩვენი მოთხოვნით შევიდა შრომის ინსპექცია და გამოვლინდა შრომის უფლებების უხეში დარღვევა, დაახლოებით, 12 დარღვევა და მათ გამოსწორებაზე მიეთითა ორგანიზაციას“, – განაცხადა ნიკა წიქარიძემ.

მისივე თქმით, პროფკავშირმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გელათის რეაბილიტაციიდან თეა წულუკიანის ჩამოშორებაში.

ჩვენ პროკურატურას მივმართეთ, რომ გამოეძიებინა გელათის საკითხი და ქალბატონი წულუკიანის ბრალეულობის საკითხი. აქ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები ბევრია.

საბოლოოდ, იმის თქმა გვინდა, რომ ქალბატონმა თეამ წააგო თითქმის ყველა სასამართლო პროცესი, გამონაკლისებიც არსებობს, ოღონდ ეს სხვა საკითხები იყო, რომელიც ტექნიკურად გადაწყდა. მას წაგებული აქვს სასამართლოები, შრომის ინსპექციას დაჯარიმებული ყავს, დანგრეულია უამრავი ძეგლი და არსებობს წერილები, ერთ-ერთ წერილს 500-მდე წარმომადეგენელი აწერს ხელს, რომ ქალბატონმა თეამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა, როცა მინისტრი იყო“, – განაცხადა წიქარიძემ.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ წულუკიანის მიმართ სამოხელეო დანაშაულზე გამოძიება დაიწყოს, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია, 5 დასკვნა, პროტესტი და სხვადასხვა ორგანიზაციის, ასევე საპატრიარქოს მოწოდება, რა შეიძლება დაზიანებულიყო გელათში მისი ქმედებებით, თუმცა მან მაინც იმოქმედა.

ჩვენ არ ვაპირებთ, გავჩერდეთ და წულუკიანი აღარ ვახსენოთ, იმიტომ, რომ მინისტრი აღარაა. იმდენი რამე გააფუჭა, მინიმუმ 10 წელი დასჭირდება ჩვენს სფეროს, რომ აქედან გამოვიდეს“, – თქვა წიქარიძემ.

მასალა მომზადებულია გამოცემა “პუბლიკაზე“ დაყრდნობით.