რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, რუსუდან ივანეიშვილს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად ცნო საქართველოს მოქალაქისთვის დაუსწრებლად განაჩენის გამოსატანად.
"ის შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაშია დამნაშავე"- წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ივანეიშვილზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.
მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ივანეიშვილი დაუსწრებლად დააკავა.
როგორც რუსული მედია წერს, 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს ავღანეთში NATO-ს ოპერაცია "გადამწყვეტ მხარდაჭერაში" მონაწილეობდა.
ქართველი მოხალისე ცოლ-ქმარი, რუსუდან ივანეიშვილი და გელა ბეგლარაშვილი 2022 წელს უკრაინაში "ქართულ ეროვნულ ლეგიონს" შეუერთდნენ და რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდნენ.