სუსის ჭარბი ძალაუფლება და სასამართლო ზედამხედველობის მიღმა არსებული ფარული თვალთვალის პრაქტიკა - კვლევა
სუსის განუსაზღვრელი ძალაუფლების შესახებ კვლევა "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" და CRRC-Georgia-მ წარადგინეს. დოკუმენტში საუბარი მოქალაქეების მასობრივ მიყურადებას ეხება და ხაზგასმულია, რომ უწყების ამგვარი ქმედებები ქვეყნის დემოკრატიულ მისწრაფებებთან არის შეუთავსებელი. ამის გარდა, კლევაში აღნიშნულია, რომ ამგვარი უკანონო საქმეების სისტემური გამოუძიებლობა სუსის საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებს და ხელისუფლების მიერ მის ინსტრუმენტალიზებაზე მიუთითებს.
"საქართველოში უსაფრთხოების სექტორის, კერძოდ კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელში არსებული ჭარბი ძალაუფლება შეუთავსებელია ქვეყნის დემოკრატიულ მისწრაფებებთან. სუს-ზე საპარლამენტო და სამოქალაქო ზედამხედველობა სუსტად ვრცელდება და მისი საქმიანობა საზოგადოებაში ანგარიშვალდებულების კრიტიკულ დეფიციტსა და დახურულობასთან ასოცირდება. პოლიტიკური პირების, მედიის, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ მასობრივი მიყურადების, პირადი ცხოვრების ფაქტებით შანტაჟისა და ამგვარი საქმეების სისტემური გამოუძიებლობის შემთხვევები სუს-ის საქმიანობის კანონიერებასა და ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და ხელისუფლების მიერ მის ინსტრუმენტალიზებაზე მიუთითებს - ნათქვამია კვლევაში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ სუსის ამგვარი ჭარბი ძალაუფლება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მედიის, პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების საქმიანობის ხარისხზეც. გარდა ამისა, კვლევის თანახმად, უწყების საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი კრიტიკულად დაბალია, რაც კიდევ ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ჩამოთვლილი ფაქტორები განაპირობებს საზოგადოებაში არა მარტო უსაფრთხოების სექტორის სანდოობის დაბალ ხარისხს (მაგ., მოსახლეობის 46%-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური/პარტიული გავლენებისგან თავისუფალი არ ჰგონია, არამედ პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მედიის, პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების საქმიანობის ხარისხსა და თავისუფლებაზეც. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი კრიტიკულად დაბალია,რაც კიდევ უფრო ართულებს ინფორმაციის მოპოვებას არა მხოლოდ უშუალოდ უსაფრთხოების სამსახურების, არამედ მის კონტროლსა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტიანობაზე. შედეგად, უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის შესახებ საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებს მწირი და ზედაპირული ინფორმაცია აქვთ, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის თავისუფლებებსა და პირად ავტონომიაზე, ხელს უწყობს საზოგადოებაში ტოტალური კონტროლის განცდის დამყარებას და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხების მითოლოგიზებას, - ნათქვამია დოკუმენტში.