ცესკოს "ნეიტრალური" საარჩევნო კომისია "ოცნების" სამსახურში - "აი ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიება

23.10.24 14:46
ცესკოს "ნეიტრალური" საარჩევნო კომისია "ოცნების" სამსახურში - "აი ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიება

ვინ აირჩია/დანიშნა ცესკომ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიების შემადგენლობებში, თორმეტივე ოლქსა და 74 უბანში? - ჟურნალისტური გამოძიება გამოცემა "აი ფაქტმა" ჩაატარა და შეამოწმა, როგორც ოლქის შემადგენლობა, ისე ქალაქის და სოფლის უბნების 750-ზე მეტი კომისიის წევრის ვინაობა.

"აი ფაქტის" გამოძებით აღმოჩნდა, რომ:

  • საუბნო კომისიების 62 წევრი მერიის, საკრებულოს, სახელმწიფო დაწესებულებების ან მუნიციპალური ა(ა)იპ-ის თანამშრომელია;
  • საუბნო კომისიების 185 წევრი სკოლაში ან საბავშვო ბაღშია დასაქმებული (მასწავლებელი, აღმზრდელი, ბიბლიოთეკარი, დირექტორი/გამგე);
  • საუბნო კომისიების 21 წევრი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდამჭერი, მათი ოჯახის წევრი ან/და სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელია;
  • საოლქო კომისიების 18 წევრი მერიის, ა(ა)იპ-ის, სკოლის, ან ბაღის თანამშრომელია;
  • საოლქო კომისიების 7 წევრი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. 

ვის ნახავთ “პოლიტიკურად ნეიტრალურ” საარჩევნო კომისიაში?

სკოლის და საბავშვო ბაღის მასწავლებლები 

  • იმერეთის მუნიციპალიტეტებში 185 საუბნო კომისიის წევრი საჯარო სკოლაში ან ბაღში მუშაობს.მათი უმრავლესობა მასწავლებელი ან აღმზრდელია, ნაწილი – დირექტორი ან გამგე. 
  • რამდენიმე მუნიციპალიტეტში ასეთი სქემა მეორდება: სკოლის შენობაში გახსნილ უბნებზე თავმჯდომარეობას ანდობენ ამავე სკოლის დირექტორებს, რიგით კომისიის წევრებად კი კვლავ ამ სკოლის მასწავლებლებს გაამწესებენ ხოლმე. 

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტიც. ჟურნალისტი მათ ფარულად ესაუბრება, თითქოს, “ქართული ოცნების” “კარდაკარის” კოორდინატორის დავალებას ასრულებს.  ჩანაწერი ფარულია და ასახავს 7 სხვადასხვა სკოლის მასწავლებლისა და დირექტორის საუბარს 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ.

  • –ჟურნალისტი: ოპოზიციურად განწყობილი ხალხი რამდენად გყავთ?
  • –მასწავლებელი: არ არიან ბევრი, ყოველ შემთხვევაში… 
  • –ჟურნალისტი: ანუ, არიან ხომ ჩვენი მხარდამჭერები მრავლად?
  • –მასწავლებელი: კი, კი, კი, კი…. კი, გენაცვალე… 
  • –ჟურნალისტი: ხომ იცით, 26-ში პროვოკაციები იქნება და“ქართული ოცნების” ხმები ბოლომდე უნდა დაიცვათ. 
  • –მასწავლებელი: კი, მზად ვართ, რა ვიცი ახლა… ჩვენთან ვინც არიან წევრები, არავისგან ველოდებით პროვოკაციას. 
  • –ჟურნალისტი: ანუ, მოკლედ, გვქონდეს თქვენი იმედი ამ უბანზე…
  • –მასწავლებელი: კი…

“ჩვენ სოფელში უფრო მეტი, რა თქმა უნდა, ისაა… “ქართული ოცნება”… მეც მაგათ გვერდით ვარ, ასე გამოდის და ყველა… [ჟურნალისტი: ესეიგი, მთელი უბანი ჩვენ გვერდით ხართ?] – “კი, კი, კი, გენაცვალე! წარმატებები და წარმატებული თვე, მთლიანად ჩვენს საქართველოს”,- უთხრა ზემინარ შარაშენიძემ, ვანის სოფელ გადიდში მე-11 უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ და სკოლის მასწავლებელმა ჟურნალისტს. 

სტატია და ექსპერიმენტის აუდიოჩანაწერი სრულად