საჯარო მოხელე ვარ და ვალდებულება მაქვს მხარი დავუჭირო "ოცნებას" - კულტურის სამსახურის უფროსი

23.10.24 16:31
საჯარო მოხელე ვარ და ვალდებულება მაქვს მხარი დავუჭირო "ოცნებას" - კულტურის სამსახურის უფროსი

აქციისთვის რეგიონებიდან "ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეები შეკრიბა და წაიყვანა. sknews.ge წერს, რომ მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა საჯარო სამსახურების, სკოლების, ბაღების და ა(ა)იპ–ების თანამშრომლები არიან.

ქალაქ ახალციხიდან თბილისში გასამგზავრებლად,  ბაღის თანამშრომლების ერთ–ერთი შეკრების ადგილი N3 ბაგა–ბაღის ეზო იყო. ადგილზე იმყოფებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი, ქეთევან მიშველიძე, რომელმაც  sknews.ge-ს უთხრა: 

„რა თქმა უნდა ვუერთდები აქციას. ვიმყოფები შვებულებაში. „ქართულ ოცნებას“ მხარს ვუჭერ, რადგან სახელმწიფო სამსახურში საჯარო მოხელე ვარ და ვალდებულება მაქვს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა გავატარო და ხელისუფლებას დავუჭირო მხარი“,–აცხადებს ის.

ქეთევან მიშველაძეს sknews.ge-მ კითხა, რატომ ასოცირდება საჯარო სამსახურში მუშაობა პარტიულ კუთვნილებასთან და რას ფიქრობდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის, მათ შორის „რუსული კანონის“ გამო გადაწყდა. 

„ხელისუფლებას ვინ აკომპლექტებს?– მმართველი პარტია. ასეთი სისტემაა. პარტიული პოზიცია არ მიკავია, საჯარო მოხელე ვარ. მე ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი და მივდივარ ჩემი სურვილით, არავის არ დაუძალებია.

მე არ მგონია რომ შეჩერდა. ის ევროპარლამენტარები, რომლებიც მსგავს ნარატივს ავრცელებენ, ცოტა ხნის შემდეგ სხვანაირად აჭიკჭიკდებიან. გადაწყვეტილების მიმღები პირები დღეს არიან, მაგრამ იქაც ახალი არჩევნები ჩატარდება და ბევრი რამ დალაგდება, დარწმუნებული ვარ. ამერიკასთანაც დალაგდება ურთიერთობები და ევროპასთანაც“,–აცხადებს ის.