მოსალოდნელია, რომ არჩევნების გაყალბებას სანქციები მოყვეს, ამიტომ სებ-ი სამომავლო რისკების დაზღვევას ცდილობს - გიორგი კეპულაძე
ეროვნული ბანკი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვება, - ასე აფასებს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ნათია თურნავას მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას.
ეკონომისტი ამბობს, რომ სებ-ის მიერ 60 000 000 აშშ დოლარის გაყიდვას შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის, კეპულაძე არჩევნების გაყალბების სცენარსაც განიხილავს.
გიორგი კეპულაძის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ივანიშვილის გუნდი დასანქცირებას ელოდება, რის გამოც ახლა სავალუტო რესურსის აკუმულირებას და მოსალოდნელი რისკების დაზღვევას ცდილობს.
ძირითადი ეფექტი არის ის, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ ისედაც გაუფასურებული კურსი შეინარჩუნოს როგორმე. გარკვეული რისკი ბაზარმა დაინახა და შესაბამისად, ის ცდილობს, რომ აკუმულირება მოახდინოს სავალუტო რესურსის და ამგვარად დააზღვიოს ის რისკი, რაც შეიძლება მომავალში ჰქონდეს. მოლოდინი არის ის, რომ თუ ხელისუფლება არასწორ შედეგებს დაიწერს და არჩევნებს გააყალბებს, არ არის გამორიცხული, რომ ამას მოყვეს სანქციები, ვალუტის გაუფასურება. სხვა მენეჯმენტის პირობებშიც, მე დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკი ასე ღიად არ ჩაერეოდა წინასაარჩევნოდ სავალუტო ბაზარზე, თუმცა დღევანდელი მენეჯმენტი ეროვნული ბანკის არ გამოირჩევა დამოუკიდებლობით და ძირითადად "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვება", - ამბობს გიორგი კეპულაძე.
2024 წლის 23 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.