სპეცოპერაცია გერმანიის სამ ქალაქში - ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

23.10.24 20:36
სპეცოპერაცია გერმანიის სამ ქალაქში - ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

სპეცოპერაცია გერმანიის სამ ქალაქში - ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცოპერაცია, რომელშიც 200-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა, ბადენ-ვიურტემბერგში, ჰამბურგსა და ბერლინში ჩატარდა. პოლიციამ ჩხრეკა 6 სხვადასხვა ობიექტზე ჩაატარა.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა, ორმა კაცმა და ერთმა ქალმა, რომელთა ასაკიც 27-დან 54-წლამდე მერყეობს, გერმანიაში დაჯგუფება ჩამოაყალიბეს, რათა მოპარული ნივთები სხვა ქართველებისგანაც მათ მიეღოთ და შემდეგ იტალიასა და საქართველოში გაეგზავნათ.

გამოძიების ცნობით, მთავარი ეჭვმიტანილი 54 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ერთ-ერთი ქართული საფოსტო კომპანიის კონტრაქტორია.

გამოძიების მიხედვით, კაცი პასუხისმგებელი იყო ამანათების გერმანიიდან საქართველოში გაგზავნაზე. 2023 წლის მარტიდან ის აწვდიდა ნაძარცვ ნივთებს საქართველოში დაქირავებული სატვირთო მანქანით. მოპარულ ნივთებშია ველოსიპედები, მობილური ტელეფონები, სხვადასხვა სახის ელექტრონიკა, ტანსაცმელი, ალკოჰოლური სასმელები, სუნამოები და კოსმეტიკა.