"ჩამოწერეთ 5-7 კაცი, რომელიც 200%-ით "ოცნებას" მისცემს ხმას" - "პირველები" აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს (ვიდეო)

24.10.24 14:24
"ჩამოწერეთ 5-7 კაცი, რომელიც 200%-ით "ოცნებას" მისცემს ხმას" - "პირველები"  აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს (ვიდეო)

 

 

"პირველები" ასაჯაროებს აუდიოჩანაწერს, სადაც ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს პირად მონაცემებს სთხოვს. 

ქალი ითხოვს მინიმუმ 5 მოქალაქის სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და იმის დაწერას, რომ არჩევნებში ხმას "ქართულ ოცნებას" აძლევენ.

"პირველების" ინფორმაციით, ქალი ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორია. ჩანაწერის მიხედვით, ის კომისიის წევრებისგან არა მხოლოდ საკუთარი პერსონალური მონაცემების, არამედ ოჯახის წევრების, მეგობრების და ნათესავების პირადი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

"5-6-7 კაცი რომ ჩამოწეროთ, ვინც 200%-ით მოდის არჩევნებზე და მოგვცემს 41-ს, "ოცნებას" ხმას" - ამბობს ერთ-ერთი საუბნო კომისიის თავმჯდომარე და იქვე ამატებს, რომ მსგავსი დოკუმენტის გადაცემის ვადა ხვალ, 25 ოქტომბრის დღის 12:00 საათამდეა. 

ძალიან მინდა, დაწეროთ ფურცელზე თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ზუსტი მისამართი და ტელეფონი. პირველი თქვენ იქნებით და შემდეგ თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, 5-6-7 კაცი რომ ჩამოწეროთ, ვინც 200%-ით მოდის არჩევნებზე და მოგვცემს 41-ს, "ოცნებას" ხმას. გვინდა მეზობელი, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ვინც გარანტირებულად, 200%-ით იცით. ასეთი ხალხის მონაცემები გვინდა.

რატომ გვინდა? თქვენ რომ დაწერთ, რომ აი მე, ლია ზამთარაძე ნამდვილად მივალ და ნამდვილად 41-ს მივცემ ხმას, ვიღაც კიდევ დაწერს, ვიღაც კიდევ დაწერს. სამი ადამიანი რომ იძახის, რომ ლია ნამდვილად "ოცნებაა", ეს მყარი 41 გამოდის.

სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი და ზუსტი მისამართი. რა თქმა უნდა, ცოტა საჩქაროა. ხვალ დილამდე მინდა 12 საათამდე", - ისმის ჩანაწერში.