მთავრობამ ცესკოს სტრატეგიულ ობიექტებს შორის შეიტანა - კობახიძის ბრძანებით, შენობის ბლოკირება პატიმრობით დაისჯება

24.10.24 19:40
მთავრობამ ცესკოს სტრატეგიულ ობიექტებს შორის შეიტანა - კობახიძის ბრძანებით, შენობის ბლოკირება პატიმრობით დაისჯება

ცესკოს შენობის ბლოკირება პატიმრობით  დაისჯება -  არჩევნებამდე ორი დღით ადრე, კობახიძემ დადგენილება გამოსცა და შენობა სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეიყვანა.

საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მასში წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი მუხლის მიზნებისთვის:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“ - ნათქვამია განკარგულებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში წერია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჯგუფურად კი - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;

სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.