სახელმწიფო უწყებების უსამართლო და მიკერძოებული გადაწყვეტილებები - “ჩემი ხმა" წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა“ წინსაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშს აქვეყნებს. მისიის შეფასებით, მიუხედავად იმის, რომ პარტიებს არჩევნებში მონაწილოების მხრივ არ შექმნიათ პრობლემები, საარჩევნო გარემო იყო არათანაბარი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური დისკრედიტაციის კამპანია, გააუარესა და მის ინტერესებს მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა.
ცხადია, ყველა სახელმწიფო ორგანოს მმართველი პარტიისადმი დაქვემდებარებამ ნეგატიური გავლენა იქონია წინასაარჩევნო პროცესზე. ხელისუფლების სამივე შტო და ასევე, ე.წ. ,,დამოუკიდებელი ინსტიტუტები“ სრულიად მოქმედებდნენ მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, როგორც წესი იყო/არის ცესკოს ან/და მმართველი პარტიის სასარგებლო. სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ ხდებოდა სათანადო რეაგირება ან საერთოდ არ ხდებოდა რეაგირება და საზოგადოების ინფორმირება გამოძიების დაწყებისა თუ დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით - მათ შორის, მუქარით, დაშინებით, სახელმწიფო უწყებების მფლობელობაში არსებული პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, მოსყიდვით, უკანონო დაპირებების გაცემით ზემოქმედებისა და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სადამკვირვებლო მისიის შეფასებაში 2024 წლის აპრილში მიღებულ რუსულ კანონზეც იყო საუაბარი.
სამოქალაქო სექტორის მიმართ მუქარა, სიტყვიერი თავდასხმა, დისკრედიტაციის კამპანიები აქტიურად მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში. არ დარჩენილა არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვინც სამოქალაქო სექტორის დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის კამპანიაში არ იყო ჩართული. მათ შორის, ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ე.წ. დამოუკიდებელი უწყების ხელმძღვანელი, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებით ცდილობდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შეჩერებას. ასევე, სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ნეგატიურ კონტექსტში ფიგურირებდა მმართველი პარტიის ოფიციალურ საარჩევნო რეკლამაში. წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა მასიური დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე. პრაქტიკულად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ასევე ხელისუფლების მიერ კონტროლირებული და მართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ემსახურებოდა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს. ამ პროცესში, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით მონაწილეობდნენ არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, არამედ სასამართლო ხელისუფლებაც და ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც - ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია და ანტიკორუფციული ბიურო“, - აღნიშნულია ანგარიშში.
თოლორაიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად თავდამსხმების სამიზნე იყო კრიტიკული მედია და კომუნიკაციების კომისია უმეტესად უკანონო გადაწყვეტილებას იღებდა და თავისუფალ მედიებს დაუსაბუთებლად აჯარიმებდა.