საია საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

26.10.24 11:18
საია საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

დარღვევები საარჩევნო უბნებზე - საიამ ანგარიში წარადგინა. ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა როგორც საარჩევნო უბნების დაგვიანებით ან ნაადრევად გახსნას, ასევე ამომრჩევლებზე ზეწოლის ან ორი ბიულეტენის გადაცემის მცდელობებს. 

საბურთალოს ოლქის რამდენიმე უბანზე დილის 06:25 წუთზე წინასწარ უკვე დაწყებული ჰქონდათ უბნის გახსნისთვის საჭირო პროცედურები, გააქტიურებული იყო ელექტრონული აპარატები. ამ პერიოდისთვის ასევე გამოვლინდა ფუნქციების როგორც შეუსრულებლობის, ისე თვითნებურად გადაცვლის ფაქტები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მდივანი არ გამოცხადდა, ხოლო მეორე შემთხვევაში თავმჯდომარე გავიდა უბნიდან და მოცემული დროისთვის არ იყო დაბრუნებული. 
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, დილის 08:00 საათისთვის რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა ამომრჩევლისთვის, შესაბამისად, დაგვიანებით დაიწყო კენჭისყრის პროცედურა.
დარღვევები კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღევებზე, აქ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გამოვყოფთ. რუსთავის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორი ამომრჩეველს ბიულეტენების ნაცვლად აჩვენებს ფურცელს, რომელზეც ციფრი 41-ის წინ არსებული წრე არის გაფერადებული და ამომრჩევლებს აძლევს მითითებას, რომ მსგავსად გააფერადონ ბიულეტენები. 

მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ელექტრონული მოწყობილობების გამართულად მუშაობა და რეგისტრატორების მხრიდან ვერიფიკაციის აპარატის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. რეგისტრატორები პირადობის მოწმობებს ატარებენ არასწორად, რის გამოც უწევთ მონაცემების ხელით შეყვანა. ნინოწმინდის მე-3 უბანზე ამომრჩეველი მივიდა ერთ-ერთ რეგისტრატორთან, რა დროსაც აპარატმა გამოსცა სპეციალური სიგნალი, ხოლო მეორე აპარატს მსგავსი სიგნალი არ გამოუცია, რის შემდეგაც მან რეგისტრაცია გაიარა.

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, მარნეულის 35 უბანზე პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა, რაც კანონდარღვევაა.
გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტი გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე. 

დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან დგას უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავს. საიას მითითების შემდეგ ეს დარღვევა აღმოიფხვრა, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ. 
 

მსგავსი სიახლეები