დარღვევები 16:00 საათისთვის - "ჩემი ხმა" 1227 უბნიდან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს
დარღვევები 16:00 საათისთვის - "ჩემი ხმა" 1227 უბნიდან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლების მონაცემებით:
- მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმა მისცეს - 70 უბანზე;
- ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 47 უბანზე;
- არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ - 139 უბანზე;
- ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 38 უბანზე;
- იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა;
ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე;
“ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე.
მონაცემები მოიცავს 16 საათისთვის, 1227 უბნიდან მიღებულ ინფორმაციას.
შიდა ქართლში კერძოდ, ქარელში, კასპში, გორში, ასევე, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულსა და ბოლნისში, დიდი რაოდენობით, ასევე, თბილისში იდენტიფიცირებული იქნა მარკირების გავლის/შემოწმების პროცედურის ჩაუტარებლობა, ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაში ხელშეშლა, მარკირების სითხის/აპარატის გაუმართაობა.
კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება საეჭვო ამომრჩევლის იდენტიფიკაციის მიზნით ვერიფიკაციის აპარატებზე დაკვირვებისთვის ხელის შეშლა ჩვენი დამკვირვებლებისთვის, განსაკუთრებით შიდა ქართლში.
უბნების გარეთ ფიქსირდება ამომრჩევლების გამოცხადების აღრიცხვა, მათი პერსონალური მონაცემების გამოყენებით მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” კოორდინატორების მიერ, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლს და არის უკანონო.
გამოვლენილია კომისიის წევრების მხრიდან ამომრჩევლისთის “ქართული ოცნების” საარგებლოდ ხმის მიცემის მინიშნების შემთხვევები.
ამ დროისთვის, ამომრჩევლის აქტივობა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მაღალია. ფიქსირდება რიგები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
ამ დროისთვის შეწყვეტილია მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრა კოალიციის დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული ბიულეტენების ჩაყრის ფაქტის გამო. საარჩევნო უბნის აპარატურის დაზიანების მიუხედავად, გრძელდება საარჩევნო პროცესი ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე.
ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია: 184 საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, 27 საოლქო საარჩევნო კომისიაში და დაფიქსირებულია 133 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
სრულად იხილეთ აქ.