პირველი ექსპერიმენტალური სკოლის პედაგოგები დირექტორს ზეწოლასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

23.08.21 11:23
პირველი ექსპერიმენტალური სკოლის პედაგოგები დირექტორს ზეწოლასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის პედაგოგები დაწესებულების დირექტორს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და თანამშრომლების დევნაში ადანაშაულებენ. სასწავლო დაწესებულების „ფეისბუქ“  გვერდზე 70-მდე პედაგოგი განათლების სამინისტროს საგანგებო განცხადებით მიმართავს და სკოლის დირექტორის, გიორგი შავლაძის, საქმიანობით დაინტერებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში მასწავლებლები წერენ, რომ შავლაძე მათ ემუქრება და ფარულ თვალთვალსაც კი აწარმოებს. მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც, როდესაც გიორგი შავლაძემ სკოლის დამლაგებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი ჰქონდა დამლაგებელთან. ერთი დამლაგებელი ამბობს, რომ ხელით შემეხოო, მაგრამ მაგას დამტკიცება უნდა, თუმცა ის მუქარა დამლაგებლის მიმართ, ის შანტაჟი, მაგის მოწმეები არიან. ახლა  ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის თანამშრომლის მოხსნა სამსახურიდან, რომელიც იყო ბიულეტენზე. სასწავლო ნაწილები საქმის კურსში არ არიან არასდროს, რა ხდება. როცა მივდივართ კითხვით და გვაინტერესებს რაღაც ამა თუ იმ საკითხთან დკავშირებით, პასუხია ხოლმე „როგორც თქვენ იცით, ჩვენც ისე ვიცით“. რეაგირებას ვითხოვთ სამინისტროდან - ამბობს სკოლის პედაგოგი.