ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უბნებზე მომხდარი დაპირისპირებები და ძალადობის შემთხვევები შეისწავლოს
ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევები - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით წერია, რომ ძალადობა, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისათავის საქმიანობის ხელშეშლა წარმოადგენს დანაშაულბრივ ქმედებას.
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ და შეაფასონ ყველა შესაძლო დანაშაულებრივი/კანონსაწინააღმდეგო ინციდენტი და მოახდინოს რეაგირება .
საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში დილიდან აკვირდება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და სურს გამოეხმაუროს ამ დროისათვის (17:30სთ) ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა მათ შორის, დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების მიმართაც.
კერძოდ,
ძალადობრივი ინციდენტები:
🔹 ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე;
🔹 ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში, 51-ე საარჩევნო უბანზე;
🔹 დაძაბულობა იყო ქ. თბილისში, ისანში 30-ე საარჩევნო უბანთან;
🔹 ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. თბილისში, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს;
🔹 სიტყვიერი დაპირისპირებასა და ფიზიკური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი ქ. გორში, 84-ე საარჩევნო უბანზე;
🔹 ქ. გორში, მე-14 საარჩევნო უბანთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას;
🔹 ქ. ზუგდიდში, მე-9 უბანზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ დაპირისპირებას;
🔹 ასევე, გავრცელებული ცნობით, ფიზიკურად დაშავდა ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანთან მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს დამკვირვებელი;
🔹 ახმეტის მატნის #11 საარჩენო უბანზე დამკვირვებლებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს ტელეფონი;
🔹 საიას განცხადებით მათ თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები:
🔹 ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. ქუთაისში, მე-2 საარჩევნო უბანთან CNEWS - ის ჟურნალისტს;
🔹 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ასევე დაზიანდა აპარატურა;
🔹 ტელეკომპანია “მთავარის” აპარატურის წართმევა სცადეს კახეთში.
✅ გავრცელებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საარჩევნო უბნებზე და შენობების მიმდებარედ მომხდარი ინციდენტების, დაძაბულობისა და დაპირისპირებების წინაპირობებს ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენდა პროცედურული დარღვევები, თუმცა, უმეტესად ინციდენტები განპირობებული იყო უბნების სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფების მობილიზებით.
✅ სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ძალადობა და ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისათავის საქმიანობის ხელშეშლა წარმოადგენს დანაშაულბრივ ქმედებას.
✅ ასევე მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვისა და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების/ამომრჩეველთა აღრიცხვის თაობაზე; გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას დაიცვას როგორც აღნიშნული კანონისმიერი დანაწესი, ასევე, არ შეუწყოს ხელი და არ წაახალისოს თუნდაც შესაბამისი მანძილის დაცვით ძალადობისა და დაპირისპირებების ინიცირება.
✅ ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მედიის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუმცა მედიის მხრიდან ასევე მნიშვნელივანია ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კომისიების მუშაობას.
✅ სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს შეისწავლონ და შეაფასონ ყველა შესაძლო დანაშაულებრივი/კანონსაწინააღმდეგო ინციდენტი და მოახდინოს მათზე მყისიერი, ეფექტური და კანონის შესაბამისი რეაგირება. გატარებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია დროულად წარმოუდგინოს საზოგადოებას.
📌 სახალხო დამცველი მიმართავს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერსა და მათ მხარდაჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობის წახალისებისაგან და ინიცირებისგან და ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიან და ჯანსაღ გარემოში წარმართვას.