მეეზოვე, რომელიც ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა, სამსახურიდან გაუშვეს
კახი კალაძის რეპრესიები გრძელდება - თბილსერვისჯგუფის თანამშრომელი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მერიის ხელმძღვანელი პირებისგან ირაკლი ბაღდავაძეზე ზეწოლა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც უწყებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ტელეეთერებით ღიად ისაუბრა.
ინფორმაციას გათავისუფლების შესახებ ირაკლი ბაღდავაძე ტვ პირველთან ადასტურებს.
გათავისუფლებამდე ბაღდავაძე "პირველებთან" ამბობდა, რომ ხელმძღვანელობა ავიწროებს და სამსახურიდან წასვლის პირობებს უქმნის. დასუფთავების ყოფილი თანამშრომელი არ გამორიცხავდა, რომ ანგარიშსწორების მიზნით ქუჩური გარჩევებიც მოუწყონ და სამართალთან პრობლემები შეუქმნან.