სხვისი პირადობით მოწყობილი ე.წ. კარუსელები და ზეწოლა ამომრჩევლებზე - დამკვირვებლებმა გაყალბების სქემა გაშიფრეს
პასპორტებში ჩადებული ფურცლები, ხელით დაწერილი პირადობის ნომრები, სხვისი პირადობით მოწყობილი კარუსელები და ხელოვნურად გათიშული ვერიფიკაციის აპარატები - ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემა გაშიფრეს. მათი გადაღებული ვიდეოკადრები კი გამოძიებისთვის მთავარი მტკიცებულებები იქნება. კადრებში ჩანს, როგორ ყრიან საარჩევნო ყუთებში "ოცნების" მხარდამჭერები ბიულეტენებს, როგორ აღრიცხავენ ივანიშვილის პარტიის კოორდინატორები ამომრჩევლებს და ახდენენ ზეწოლას თავისუფალ ნებაზე.
არჩევნების მიტაცების ფაქტების შესახებ ადგილობრივი დამკვირვებლები "პირველებს" უყვებიან.
ადამიანი მოდიოდა, ტელეფონში ჰქონდა პირადობის მოწმობის ფოტოსურათი და იმით ატარებდნენ ყოველგვარი პრობლემის გარეშე და მე აღვკვეთე ეს. ადამიანი მოვიდა პასპორტით და პასპორტში ჰქონდა ჩაკრული ქაღალდის ნაგლეჯი, სხვა ადამიანის პირადი ნომერი, რაც დავინახე და შევეცადე, რომ აღმეკვეთა და გადამეღო. კომისიის წევრები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და ხელი მკრა, გამაგდო და გარეთ დამესია დაახლოებით 20-30 ადამიანი. იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საერთოდ მოვიდა მოხუცებულის პასპორტით, იყო ახალგაზრდა მამაკაცი, - ამბობს დამკვირვებელი.
კიდევ ერთი ადგილობრივი დამკვირვებელი ამბობს, რომ ამომრჩეველთა სიები ხელოვნურად იყო გაბერილი. მისი თქმით, იყვნენ განსაკუთრებულად აგრესიული ადამიანები, რომლებიც ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის პროცედურის გაკონტროლებას ცდილობდნენ და სავარაუდოდ, ესენი სუსის დაქვემდებარებული ორგანიზაციის წევრები იყვნენ.
ეს სიები იყო, სავარაუდოდ, გაბერილი სპეციალურად, ამ ამომრჩევლების და ზუსტად ის ხალხი, რომლებიც ან არ იმყოფებოდნენ საქართველოში, მაგრამ რეგისტრირებული იქ იყვნენ, ესენი ჰყავდათ შეყვანილი სიებში და ზუსტად ამ ადამიანების პირად ნომრებზე, პირად მონაცემებზე ჰქონდათ წვდომა. ასევე , იყვნენ ჩართული ფიქტიური ორგანიზაციები, კანონიერების და სამართლიანობის ობზერვერი, რომელიც დარწმუნებული ვარ, სუსის ორგანიზაციაა, იმიტომ, რომ მათი წევრები იყვნენ ძალიან აგრესიულები და ძირითადად, ეგენი ცდილობდნენ, გაეკონტროლებინათ ხმის მიცემა, ვის აძლევდნენ ხმას, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი დამკვირვებელი.
კიდევ ერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ ახორციელებდნენ ფულის გადათვლას და როგორ ცდილობდნენ კონკრეტული ჯგუფები ადამიანის ნებაზე ზექმომედებას.
ამოწმებდნენ, ასე სიტყვები იყო, „მოგვარდა მანდ თუ არა?“ იყო ფულის გადათვლის შემთხვევები, რაც მე დავინახე, იყო გამოკრული სიების შემოწმება და მერე ტელეფონზე დარეკვა, - ამბობს დამკვირვებელი.