პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლებს სცენის დამონტაჟების და აპარატურის შეტანის შესაძლებლობას არ აძლევენ
უკვე ორი საათია ოპოზიციის წარმომადგენლებს საკანონმდელო ორგანოსთან სცენის დამონტაჟების და აპარატის შეტანის შესაძლებლობას არ აძლევენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. რუსთაველიზ გამზირზე იმყოფება "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილიც. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ უკან დახევის დრო არ არის და ქართველმა ხალხმა ქვეყანა რუსეთის უშიშროებას არ უნდა დაუთმოს.
როგორც ყოველთვის, გაუგებარი მიზეზების გამო, ხელს გვიშლიან ჩვენი კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში. რატომ? იმიტომ, რომ თუ არ მოეწყო მოწყობილობა, თუ დინამიკები არ შემოვიტანეთ, ხალხი, უბრალოდ, ხმას ვერ გაიგებს ანუ ჩვენი პროტესტის უფლება შეგვეზღუდება. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელში უკვე ყველაფერია მოსალოდნელი, მან მთავარი წაგვართვა, არჩევნების უფლება წაგვართვა. ქვეყანაში არჩევნები გაყალბებულა, 2020-შიც გაყალბდა, მაგრამ ახლა სხვა რამე მოხდა, სპეცოპერაცია ჩაატარა ადამიანმა რუსეთის უშიშროების პირდაპირი ჩარევით და ამაზე უკვე გამოძიებაა დაანონსებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. უკან დასახევი არ გავქვს, აუცილებლად, ყველანაირად ვეცდებით, რომ შემოვიტანოთ ეს აპარატურა და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ დაუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთის უშიშროებას, ახლა ეროვნული წინააღმდეგობის დროა, პარტიული ხაზები წაშლილია, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
რუსთაველის გამზირი დღეს ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება. მოქალაქეები მასშტაბურ აქციას პარლამენტთან 19:00 საათზე გამართავენ. ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გადის. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევანი მოპარა.
საპროტესტოა აქცია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა და 26 ოქტომბრის არჩევნები "რუსულ არჩევნებად" შეაფასა.