ამ ბრძოლას ან მოვიგებ, ან შიმშილობით შევეწირები - ხმაური თბილსერვისის შენობაში

23.08.21 17:37
ამ ბრძოლას ან მოვიგებ, ან შიმშილობით შევეწირები -  ხმაური თბილსერვისის შენობაში

ამ ბრძოლას ან მოვიგებ, ან შიმშილობით შევეწირები - ამ სიტყვებით აპირებდა, თბილისის დასუფთავების სამსახურის გათავისუფლებული თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე, თბილსერვისის ოფისში შესვლას და დათხოვნის მიზეზის გარკვევას. მასთან ერთად იმყოფებოდა  ,,ნაცმოძრაობის" წევრი, პარლამენტის დეპუტატი,  ლევან ხაბეიშვილი, მაგრამ დაცვის სამსახურმა ეს ფაქტი არ დაუშვა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

რის საფუძველეზე გაათავისუფლეს მეეზოვე, რომელიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა? ირაკლი ბაღდავაძისთვის ამ დრომდე არავინ განუმარტავთ, რა გახდა მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზი. განმარტებებს არ აკეთებს არც ,,თბილსერვის ჯგუფი", რომელმაც ოფიციალური წერილითაც კი არ აცნობა მის უკვე ყოფილ თანამშრომელს გადაწყვეტილების შესახებ.

თბილსერვისის დაცვის თანამშრომელთა ინფორმაციით, ოფისის ხელმძღვანელობა ადგილზე არ იმყოფება და დისტანციურად მუშაობს.

ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა დაიცვას გათავისუფლებული თანამშრომლის ინტერესები.

ნაცვლად იმისა, რომ თბილისის მერი საკუთარი თანამშრომლების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავდეს, ნორმალურ ანაზღაურებაზე, რომ ზაფხულის 40 გრადუსიან სიცხეში ზამთრის ტანსაცმელი არ ჩააცვას, ვხედავთ, რომ ასეთ ადამიანებს ათავისუფლებენ. ანუ ვინც მათ მონამორჩილებაში არ იქნება, კალაძე ემუქრება. მინდა, დავპირდე კალაძეს, თქვენ რომ ყრით სამუშაოებიდან, ის ხალხი გაგყრით თანამდებობიდან არჩევნებზე - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილსერვისის გათავისუფლებული თანამშრომლის საქმით სახალხო დამცველი  უკვე დაინტერესდა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საქმის კვლევა ეტაპობრივად მოხდება და თუ საქმეში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, სამართლებრივ დავას დაიწყება დასაუფთავების სამსახურის წინააღმდეგ.